მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურისტები ძირითადად აზიიდან არიან, ღვინოს ნაკლებად მიირთმევენ... შიდა ბაზარზე გაყიდვები შემცირებულია - "ფაფრის ველი"

შალვა ქურდაძე

ღვინის კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი პროდუქციის გაყიდვები შემცირებულია.

როგორც “ფაფრის ველის” დამფუძნებელმა, შალვა ქურდაძემ BMG-ის განუცხადა, შიდა ბაზარზე რეალიზაციის შემცირების ერთ-ერთი მიზეზი ტურისტების გეოგრაფიის ცვლილებაა, რადგან აზიელ ვიზიტორებს ქართული ღვინო ნაკლებად აინტერესებთ.

შალვა ქურდაძის განცხადებითვე, შეიმჩნევა ტენდენცია, როდესაც ზოგადად, მომხმარებელი გასულ პერიოდთან შედარებით უფრო ნაკლებს ხარჯავს პრემიუმ სეგმენტის ღვინოზე.

“ჩვენ ფაქტობრივად ექსპორტით ვარსებობთ. რესტორნების ბიზნესმა მოიკლო. ხარისხიანმა ტურისტებმა, რომლებიც თბილისში ჩამოდიოდნენ და პრემიუმ რესტორნებში ფულს ხარჯავდნენ, მათმა რიცხვმაც მოიკლო. ახლა ტურისტები ძირითადად აზიური ქვეყნებიდან არიან, რომლებიც ღვინოს ნაკლებად მიირთმევენ და გასტრონომიული ექსპერიმენტები დიდად არ აინტერესებთ, მით უმეტეს ღვინო.

ქართული რესტორნებიც ვერ არიან კარგ მდგომარეობაში, იმაზე დაყრდნობით ვამბობ ამას, ადრე როგორც გვიკვეთავდნენ ღვინოს და ყიდდნენ. ხალხი ერიდება რესტორანში ფულის დახარჯვას, მით უმეტეს ძვირიანი სასმლის შეკვეთას, მაშინ როდესაც წინ გაურკვევლობაა. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი გაყიდვები დაახლოებით 25-30%-ით არის შემცირებული”, - განაცხადა შალვა ქურდაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები