ქუთაისში მოქმედი სასტუმრო/ჰოსტელ "შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი, ელენე ზამთარაძე BM.GE-სთან მიმდინარე ტურისტულ სეზონზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ევროპის ქვეყნებიდან ქუთაისში ჩასული ვიზიტორების მხრიდან, ნაცვლად ინდივიდუალურისა, მოთხოვნა ჯგუფურ ჯავშნებზე იზრდება.
"ჩვენს სასტუმროში ძირითადად ინდივიდუალურ ჯავშნებს აკეთებენ, თუმცა აგვისტოში ჯგუფური ჯავშნების რაოდენობა იმატებს და, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთი საკმაოდ ბევრია.
ტურისტები ქუთაისში, საშუალოდ, 2 ღამით ჩამოდიან, რადგან, მოგეხსენებათ, ქუთაისი [აეროპორტის გამო] უფრო ტრანზიტულ ქალაქად გამოიყენება, რომელიც ახლოსაა მთასთანაც და ზღვასთანაც. ჩვენი სტუმრების მხრიდან ინტერესი მთის მიმართულებით უფროა, სადაც ბუნებაში ლაშქრობაა შესაძლებელი, ამიტომ, მოთხოვნაც უფრო აქტიურ დასვენებაზეა, ვიდრე მაგალითად, ზღვასა და აჭარის რეგიონზე", - ამბობს ზამთარაძე და დასძენს, რომ "შავ პომიდორში" ტურისტების უმრავლესობა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან ჩადიან, განსაკუთრებული აქტიურობა კი გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან შეინიშნება.
"შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ სასტუმრო ტურისტებს საქართველოს ბაზრისათვის ინოვაციურ ოთახებს - კაფსულის ტიპის საწოლებს სთავაზობს, რომლებიც მომხმარებლებს დორმის ტიპის ოთახებზე მეტ კომფორტს უქმნის.
"პრივატული ოთახის შემთხვევაში ერთი ღამით განთავსების ღირებულება 120-დან 240 ლარამდეა და ეს ოთახის კატეგორიაზეა დამოკიდებული, რადგან 7 პრივატული ოთახიდან, მხოლოდ ორს აქვს საზიარო აბაზანა, დანარჩენებს კი საკუთარი სველი წერტილები აქვთ ოთახებში. ასევე გვაქვს ორი, საერთო სარგებლობის, დორმის ტიპის ოთახები, სადაც ადამიანი მხოლოდ საწოლს ჯავშნის და ეს კაცზე 40 ლარი ჯდება.
ჩვენს სასტუმროში საქართველოსთვის ინოვაციური მიდგომაც შემოვიტანეთ და გვაქვს კაფსულის ტიპის საწოლები, სადაც ადამიანს შეუძლია, ბევრად უფრო დიდ საწოლზე, უფრო კომფორტულად განთავსდეს და საკუთარ კაფსულაშივე ჰქონდეს თავისივე განათება, "შტეფსელები", ფარდა და ა.შ - ყველაფერი, რომ ძალიან კომფორტულად პრივატულად იყოს. ასეთი ტიპის 12 კაფსულა გვაქვს და ერთი ღამის ღირებულება 50 ლარია", - აღნიშნავს ელენე ზამთარაძე.
"შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი აღნიშნავს, რომ ჰოსტელის მოწყობისას დამფუძნებლებმა სეგმენტის მრავალფეროვნებაც გაითვალისწინეს და სტუმრებისთვის სხვადასხვა კონცეფციის ოთახები შექმნეს.
"პრივატული ოთახების მოწყობისას გვინდოდა, რომ ყველანაირი კატეგორიის ოთახი გვქონდა, რადგან ჩვენი სეგმენტიც მრავალფეროვანია. ბევრს ჰგონია, რომ ტურისტები ჰოსტელებს მხოლოდ იმიტომ ირჩევენ, რომ ნაკლებ ბიუჯეტთანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ჩვენი სეგმენტისა და ევროპელი ტურისტებისთვის ასე არ არის - მათთვის ჰოსტელი ადგილია, სადაც სხვადასხვა ადამიანს ეცნობიან და განსხვავებულ სამოგზაურო გამოცდილებას იღებენ. სწორედ ამიტომ შევქმენით როგორც საზიარო ოთახები, ასევე ყველა ტიპის, მათ შორის "სუპერიორ" ოთახებიც", - ამბობს ზამთარაძე.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას "შავი პომიდორის" თანადამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანია თავის რესურსებს ობიექტის ინფრასტრუქტურულ განვითარებასა და სერვისების დახვეწას მოახმარს.
"ჩვენი მთელი რესურსები ახალი ობიექტის შექმნაზე დაიხარჯა. გამორჩეული სიახლე ისაა, გავხსენით ჩვენი რესტორანი "შავი პომიდორი - სამზარეულო", რომელიც არა მხოლოდ ჰოსტელის დამსვენებლებს, არამედ ყველას მასპინძლობს. მოგეხსენებათ, სასტუმრო ქუთაისის ისტორიულ უბანში, საფიჩხიაზე, ქუთაისელი ებრაელების ქუჩაზე გავხსენით. შესაბამისად, გვინდოდა ტურისტებისთვის გაგვეცნო, რა ტიპის კერძებს ჭამდნენ ისტორიულად ქუთაისელი ებრაელები - ყველა კერძი ქართულია, თუმცა ჩვენმა შეფმა, მაშიკო ზამთარაძემ, მათში ებრაული ელემენტები შეიტანა - სწორედ ეს იყო ჩვენი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომ სოციალური სივრცე შეგვექმნა.
ცენტრალური ლოკაცია, მეგობრული სერვისი, განსხვავებული ინტერიერი, ხელმისაწვდომი ფასი და სივრცე სოციალიზაციისთვის - ეს ის ხუთი კომპონენტია, რომელზეც დაფუძნდა "შავი პომიდორი" და რომლის გაძლიერებასაც მაქსიმალურად გვინდა შევუწყოთ ხელი. ჩვენი მიზანია, ქუთაისის სტუმარმასპინძლობის სფეროს განვითარებასაც შევუწყოთ ხელი და მაღალხარისხიანი სერვისის სტანდარტი დავნერგოთ", - აცხადებს ზამთარაძე.