ტურისტული სექტორის წარმომადგენლების ნაწილის შეფასებით, ზაფხულის სეზონზე ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რიცხვი მზარდი იყო, თუმცა მათი ხარჯვითი ნაწილი წინა პერიოდებთან შედარებით კლებას აჩვენებდა.
როგორც გიდმა ალექსანდრე გიორგიძემ „საქმიან დილასთან“ საუბრისას განაცხადა, კლება ფიქსირდება ევროპიდან, რაც გამოწვევას უქმნის ისეთ რეგიონებს როგორიცაა მაგალითად, სვანეთი და თუშეთი.
"ტურისტების რაოდენობაში ზრდა შეინიშნება და ამას არავინ უარყოფს. თუმცა აქ არის მეორე საკითხი, ხარისხობრივად როგორი სურათი გვაქვს. რამდენად მხარჯველუნარიანი ტურისტები ჩამოდიან და სად ხდება მათი კონცენტრაცია.
თუ ჩვენ ავიღებთ ბათუმს, ყაზბეგს, თბილისს, მარტვილის კანიონს, ტოპ-10 ლოკაციას კი ბატონო, ნამდვილად შეინიშნებოდა მზარდი ნაკადები, თუმცა თუ გავალთ ისეთ რეგიონებში, როგორიც არის თუშეთი, სვანეთი, სადაც ევროპელები ჩამოდიოდნენ, იქ ვნახავთ განსხვავებულ სურათს.
რაოდენობას ხარჯვა და ხარისხი უნდა მოჰყვეს. ჩვენ უნდა ვიყოთ ნიშური ტურიზმის ქვეყანა, სადაც ადამიანები ჩამოვლენ კონკრეტული უნიკალური კულტურის სანახავადაც.
გამოქვეყნებულ სტატისტიკაში მნიშვნელოვანია ჩაშლილ მონაცემებს ვხედავდეთ. მაგ. იმაზე, რა თანხას და რაში ხარჯავენ ტურისტები. აქვე მნიშვნელოვანია, რომ ამ ხარჯების ნაწილი ქვეყნიდან გადის, რადგან გლობალური პრობლემა გვიდგას სექტორს. უკვე 30% გიდების, მძღოლების თუ სხვა სერვისის მიმწოდებლებისა, არ არიან რეგისტრირებულები საქართველოში და მუშაობენ აქ. იმან თუ შემოიყვანა ინდოელი თუ რუსი და დახარჯა სიტყვაზე ₾100, აქედან ₾200-300 დარჩა ქვეყანაში, დანარჩენი წაიღო ისევ იმ უცხოელმა თავის ქვეყანაში, ამიტომ უნდა ხდებოდეს დეტალური ჩაშლა.
სეზონს საშუალოდ შევაფასებდი, მოლოდინები მეტი იყო, ჩვენს თავზეც ვართ დამოკიდებულები, თუმცა ქვეყანაში შეცვლილ სიტუაციაზეც, რაც ჯამში მთელს ინდუსტრიაზე მოქმედებს“, - განაცხადა გიორგიძემ.




























