მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“ტურისტი არ არის და რა შუაშია Airbnb?!” - ნიკა ანჯაფარიძე ეკონომიკის მინისტრს პასუხობს

ნიკა ანჯაფარიძე

საქართველოში Airbnb-ის მმართველი კომპანია Wehost-ის დამფუძნებელი, ნიკა ანჯაფარიძის შეფასებით, როდესაც ქვეყანაში ტურისტები არ არიან, Airbnb-ისა და სასტუმროების კონკურენციაზე ყურადღების გამახვილება რელევანტური არ არის. ამის შესახებ მან BM.GE-ის განუცხადა.

საქმე ის არის, რომ დღეს ეკონომიკის მინისტრმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დარგში არსებული გამოწვევების შესახებ ღრმა ანალიზს აწარმოებს. ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი გამოწვევა მოთხოვნა-მიწოდების ნაწილშია, რასაც მათ შორის საწოლი ადგილების გაზრდილი რაოდენობაც განაპირობებს. მინისტრმა თქვა, რომ დარგის წარმომადგენლებისთვის გამოწვევაა ასევე airbnb-ისა და სასტუმროებს შორის არსებული კონკურენცია. "ამიტომ, შეიძლება სასტუმრო ობიექტებს გარკვეული უკმაყოფილება ჰქონდეთ, მაგრამ ამას თავისი ახსნა გააჩნია", - განაცხადა დავითაშვილმა.

ნიკა ანჯაფარიძე BM.GE-სთან აღნიშნავს, რომ აღნიშნული განცხადება მხოლოდ თავის გამართლებაა.

“Airbnb სასტუმრო სექტორთან კონკურენციაში თავიდანვე შედიოდა, თუმცა ახლა რაც ხდება, Airbnb-ს ვერ დაბრალდება. თავის გამართლებაა. ტურისტი არ არის და რა შუაშია Airbnb”, - ამბობს ანჯაფარიძე.

wehost-ის დამფუძნებელი მიმდინარე სეზონსაც აფასებს და ამბობს, რომ ამ სეზონზე თბილისში ჯავშნები ჩავარდა და ბინებს მინიმალურ ფასად აქირავებენ. იმ იმედით, რომ დაბალი ფასების პირობებში ბინაში ვინმე მაინც შევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები