მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტის არ ყოფნის გამო, ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად არის შემცირებული - მეღვინეობა "ნეკრესი"

ნეკრესი

მეღვინეობა "ნეკრესის" თანადამფუძნებელი, ოთო ტაბატაძე BM.GE-სთან მეღვინეობაში არსებულ გამოწვევებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

მისი განმარტებით, კომპანიის მიერ წარმოებული ღვინო სარეალიზაციოდ ძირითადად ჰორეკა სექტორში შედის. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში ტურისტული ნაკადები არ არის, სარესტორნო სექტორს თანხის გადახდა უჭირს.

„ჩვენ ძირითადად ჰორეკა სექტორს ვამარაგებდით, თუმცა ქვეყანაში ტურისტი აღარ არის. ბევრ ობიექტზე შევდიოდით ძალიან, მაგრამ იმდენად გართულდა ფულის ამოღების პროცესი და იმდენად გაუჭირდათ რესტორნებსა და ბარებს ფულის გადახდა, რომ იძულებული გავხდით ობიექტების რაოდენობა შეგვემცირებინა. საქართველოში ტურიზმი ფაქტობრივად აღარ არსებობს. სექტორი მოკლეს აქციებით. პოლიტიკური მღელვარების გამო, ხალხი ქვეყანაში აღარ ჩამოდის. ასევე, ადრე თუ ტურისტი ქვეყანაში მაგალითად გერმანიიდან 70-80 ევროდ ჩამოდიოდა, ახლა ბილეთის ღირებულება 700 ევრომდეა გაზრდილი. ბუნებრივია ამ ფასად ტურისტი სხვა ქვეყანაში მთელი კვირა დაისვენებს.

რაც შეეხება წარმადობის გაზრდას, ამ ეტაპზე არ იგეგმება. დაახლოებით 30000 ბოთლს ექსპორტზე და 10000 ბოთლს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდით. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ადგილობრივი ბაზარი გაჩერდა, ამ ეტაპზე წარმადობას არ ვზრდით 2024-2025 წლებში. წელს რთველიდან გეგმაში გვაქვს 65000-70000 კილოგრამი ყურძენი მივიღოთ, რაც 40000 ბოთლ ღვინოს გულისხმობს“,-აცხადებს ტაბატაძე.

მეღვინეობის თანადამფუძნებელი ასევე კახეთში გახშირებულ სტიქიებზე საუბრობს, რომელმაც მათ ყურძენზეც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

ტაბატაძე აღნიშნავს, რომ სტიქიის შედეგად, ყურძნის ღირებულება გაზრდილი, ხოლო მისის ხარისხი დაბალია.

„რა თქმა უნდა კახეთში რამდენჯერმე მოსულმა სტიქიამ ჩვენზე გავლენა მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ დიდი რაოდენობით ყურძენს ვყიდულობთ, ყურძნის ხარისხი გაფუჭდა, ფასი კი გაიზარდა. რეალურად, როცა ჩვეულებრივ პირობებში ნორმალური ხარისხის ყურძენს 1 ლარად ყიდულობ , სეტყვისა და ბუნებრივი პირობების გამო დაზიანებული ყურძენი 2 ლარი ღირს. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი საბოლოო პროდუქტის ღირებულებაზეც და ხარისხზეც აისახება“,-აცხადებს მეღვინეობის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები