25 აპრილიდან ვენეციაში, კონკრეტულ თარიღებში, ტურისტული გადასახადი ამოქმედდა, რომელიც იმ ვიზიტორებზე ვრცელდება, ვინც ქალაქში ერთი დღის გასატარებლად ჩადიან. ტურისტული გადასახადის მიზანი ვიზიტორების რაოდენობის შემცირება იყო, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ტურისტები, რომლებიც ვენეციაში ერთი დღით ჩადიან და ღამეს არ ათევენ, სექტორისთვის ეკონომიკურ სარგებელს არ წარმოადგენენ.
გადასახადის შემოღებას ადგილობრივი მოსახლეობის და ტურისტების პროტესტი მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ მინიმუმ ერთი ღამით დამრჩენი ტურისტები მოსაკრებლისგან თავისუფლდებიან, ონლაინ პლატფორმაზე მათი რეგისტრაცია მაინც სავალდებულოა. თუმცა ვიზიტორები აღნიშნავენ, რომ ვებგვერდი გაუმართავია, ბილეთების ყიდვის პროცესი კი - ხანგრძლივი და რთული.
რეზიდენტების პრობლემა განსხვავებული იყო - ისინი ფიქრობენ, რომ შემოღებული გადასახადი, რომელიც €5-ს არ აღემატება, ვენეციაში ტურისტების რაოდენობას არ ამცირებს და ვერც უფრო ფუნდამენტურ პრობლემებს აგვარებს, როგორიცაა, მაგალითად, საბინაო კრიზისი.
გადასახადის მოწინააღმდეგეა ვენეციის ყოფილი მერი, მასიმო კაჩარიც, რომელმაც ინიციატივას აბსურდული უწოდა და ტურისტებს მისი გადაუხდელობისკენ მოუწოდა, თუმცა, მიუხედავად მოწოდებისა, გადასახადების შემოღებიდან 11 დღეში, 25 აპრილიდან 5 მაისამდე პერიოდში, ვენეციაში 195 000 ბილეთი გაიყიდა, ქალაქის ბიუჯეტში შესული თანხა კი €977 430-ია. აღსანიშნავია, რომ ბილეთის ღირებულება €5-ია, თუმცა, საცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ის შესაძლოა €10-მდე გაიზარდოს. ბილეთის გარეშე ვენეციაში გადაადგილებისთვის კი ჯარიმა €300-ს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ვენეციის ქალაქის საბჭომ ინიციატივა წარუმატებლად შეაფასა.
“ვენეციაში შესვლისთვის ბილეთების დაწესება ძალიან წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან რიცხვები გვაქვს და ისინი აჩვენებს, რომ გადასახადის შემოღებამ ტურისტების რაოდენობა კი არ შეამცირა, არამედ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზარდა კიდეც”, - განაცხადა ქალაქის საბჭოს წარმომადგენელმა პრესკონფერენციაზე.
მაგალითად, 2024 წლის 19 მაისს ვენეციაში 70 000 ვიზიტი დაფიქსირდა, მაშინ, როცა გასულ წელს, იტალიისთვის ეროვნულ დღესასწაულზე 2 ივნისს ქალაქში 65 000 ტურისტი ჩავიდა.