მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურისტული მოსაკრებლისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ე.წ ხაზინის ანგარიში – ალავერდაშვილი

5f1f14515516f
თამთა ჯიჯავაძე
27.07.20 23:30
1355
ამ გადასახადისთვის უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი ე.წ ხაზინის ანგარიში, რომელზედაც ცალკე გადაირიცხება ეს ფული და ის მოხმარდება ტურიზმის ინდუსტრიის საჭიროებებს, – ამის შესახებ სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა შალვა ალავერდაშვილმა გადაცემა “საქმის კურსში“ ე.წ City Tax-ის შემოღებაზე საუბრისას აღნიშნა.

City Tax-ი იგივე ტურისტების მოსაკრებელია, რომელიც გავრცელებულია მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში და რომელსაც იხდის იქ ჩასული ტურისტი.

„ეს გადასახადი არ უნდა იყოს ერთ ადამიანზე ერთ ევროზე მეტი. ამ გადასახადს იხდის ტურისტი და არ იხდის ობიექტი და ის არ იბეგრება. ის პირდაპირ მიემართება არსებულ ტურისტულ ანგარიშზე, სადაც უკვე სექტორი მთლიანად გადაწყვეტს როგორ მოხდეს ამ თანხის ათვისება“, – განაცხადა ალავერდაშვილმა.

მისივე თქმით, ამ გადასახადის შემოღების ინიციატივაზე ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს მთავრობასთან.

„USAID-იც აქტიურადაა ჩართული ამ პროცესში. პარასკევს იყო ონლაინ შეხვედრა USAID-ის სათაო ოფისთან, სადაც ორგანიზაციამ თავისი დახმარება აღგვითქვა. ორი ექსპერტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, რომლებმაც უნდა გვირჩიონ რა მიმართულებით წავიდეთ. კანონპროექტი უნდა დამუშავდეს და შეიქმნას სწორი დოკუმენტი.

ეს პროექტი არ მოიცავს მხოლოდ სასტუმროებს, ეს არის მთლიანად სექტორზე გათვლილი. ეს თავის თავში მოიცავს 4.5 მილიარდიან სესხის პროექტს, რაც მთლიანად ტურიზმის სექტორს ახლა აქვს საქართველოში, და რაშიც თვისთავად იგულისხმება როგორც ფიზიკური, ასევე იურიდული პირები. იმედი გვაქვს, რომ თანდათან ჩვენ ამ კრიზისიდან გამოვალთ“, –განაცხადა ალავერდშვილმა.

მისივე განცხადებით, ტურისტული მოსაკრებლიდან შემოსული თანხა სწორედ ტურიზმის სექტორის ვალის გასტუმრებას უნდა მოხმარდეს. როგორც მან აღნიშნა, 2021 წლის ივნისამდე ტურიზმის სექტორი, რომელიც გიდებს, სასტუმროებს, სატრანსპორტო კომპანიებს, რესტორნებს და ტურიზმის სექტორთან დაკავშირებულ კომპანიებს აერთიანებს, არის გადახდისუუნარო. ამ პერიოდში კი საბანკო ვალდებულებების მომსახურებისთვის სექტორს 140 მლნ დოლარი სჭირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები