მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ტურისტული სექტორისთვის ეს დიდი იმედია” - ალავერდაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმზე

შალვა ალავერდაშვილი

გასულ ორშაბათს, 11 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, ჩინეთის მოქალაქეებისთვის საქართველოში უვიზო რეჟიმს აამოქმედებდა. ამ გადაწყვეტილების ტურისტული პოტენციალი BMGTV-ს გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში, სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა შეაფასა.

“ამ გადაწყვეტილებას მივესალმები, ტურიზმისთვის ძალიან კარგია. ჩინელი ტურისტი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ტურისტად, მათ შორის ევროპის მასშტაბითაც. 

რაც შეეხება რისკებს, ჩვენც ევროკავშირში მუშაობის უფლება კონკრეტული საბუთების წარდგენის გარეშე, არ გვაქვს. მგონია, რომ როდესაც 30 დღით შემოდის ჩინელი ტურისტი, მას თუ მუშაობის ან ბიზნესის დაწყება უნდა, შესაბამისი რეგულაციებიც უნდა არსებობდეს. საბუთები, რომლებიც ამ ხალხმა უნდა აიღოს თუ სამუშაოების დაწყება უნდათ. დარწმუნებული ვარ და მინდა მჯეროდეს, რომ ეს პროცესი გაკონტროლდება და რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი”, - ამბობს შალვა ალავერდაშვილი.

რაც შეეხება სექტორის მზაობას, ჩინეთიდან ჩამომსვლელი ტურისტების გაზრდილ რაოდენობას უმასპინძლოს, ალავერდაშვილი აღნიშნავს, რომ ამ საკითხს თავად ტურისტული სააგენტოები დაარეგულირებენ.

“სექტორისთვის ეს არის დიდი იმედი. ვეძებთ გზებს, რომ ტურისტული კომპანიები ვნახოთ და მოლაპარაკებები დავიწყოთ. ახლა აქტიური ტურისტული სეზონიდან დაბალ სეზონზე გადავდივართ, მარტის ბოლომდე ასე გაგრძელდება. საკმაოდ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ დაბალ სეზონს კარგად გადავიტანთ, თუ ჩინელი ტურისტების მოზიდვა შევძელით. 

ჩვენ ვეძებთ ნებისმიერ სეგმენტს, თუმცა არ მგონია, რომ ტურისტების ჩამოსვლა ასე მასობრივად დაიწყება. წინასწარ ხდება ყველაფრის დაჯავშნა, თუ შევხედავთ, რომ აქ სასტუმროები საკმარისი არაა და ადგილები არ აქვთ, ამ ხალხს ტურისტული სააგენტოები არ ჩამოიყვანენ”, - განმარტავს ალავერდაშვილი.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2023 წლის 1-ელ ნახევარში, ქვეყანაში ჩინეთის 12,600 მოქალაქე შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 316%-ით მეტია. წლების მიხედვით, საქართველოს ყველაზე მეტი ჩინელი ვიზიტორი 2019 წელს სტუმრობდა, როცა ტურიზმიც პიკში იყო - მაშინ, ვიზიტორთა რაოდენობამ 48,000-ს გადააჭარბა. პანდემიის შემდეგ კი ჩინელი მოგზაურების რაოდენობა შემცირდა, მაგრამ წელს, სხვა წლებთან შედარებით, ისევ ზრდა ფიქსირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები