მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმი საგარეჯოში - ადგილობრივი გიდი პრობლემებზე საუბრობს

615c8508c0d5a
მარიამ ადამია
06.10.21 00:10
1028
“საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერია არაფერს არ აკეთებს არა თუ ტურისტებისთვის, არამედ ჩვენთვისაც. რთულია აქ ცხოვრება” - ამის შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ადგილობრივმა გიდმა, თორნიკე ჩუნთიშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტში წყლის და გზის პრობლემაა, შესაბამისად, რთულია ტურისტის მიღება/გამასპინძლება. “მუნიციპალიტეტს საგარეჯოს განვითარება რომ უნდოდეს, ძალიან მარტივად ჩაჯდებოდა ის ტურისტულ გზამკვლევში, მაგრამ საგარეჯოს მერია არის სრულიად ჩაფლული კორუფციასა და ნეპოტიზმში. გამოვითხოვე მუნიციპალიტეტიდან ბოლო ორი წლის განხორციელებული პროექტები და როდესაც მივიღე დოკუმენტი შემრცხვა, რადგან დოკუმენტსაც ვერ დავარქმევთ ამას. მოგვაწოდეს ათგვერდიანი მასალა, სადაც გადმოწერილია ტექსტები ძველი დოკუმენტებიდან, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა და ვართ სტაგნაციის პროცესში მთელი მუნიციპალიტეტი, პასუხისმგებელი პირი არ არსებობს", - ამბობს გიდი.

მისივე თქმით, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში არსებობს შესაბამისი სამსახური, ჰყავთ დასაქმებული კადრები, იღებენ ხელფასს, მაგრამ ტურიზმის განვითარების სამოქმედო გეგმაც კი არ აქვთ გაწერილი.

2020 წლის 12 თვის ტურიზმის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშში წერია, რომ შეიქმნა ფეისბუქ-გვერდი.

ფუნქციონირებს ერთიანი ელექტრონული ბაზა, სადაც განთავსებულია განყოფილების თანამშრომელთა მიერ ტურისტული ობიექტების შესახებ მოძიებული ინფორმაციები, თუმცა მოგვიანებით მოკვლევის შემდეგ გაირკვა რომ ბაზა საჯარო არაა და არც ტურისტებისთვის არის ხელმისაწვდომი.

რა გაკეთდა 2021 წელს?

– მოეწყო მანავის ციხესთან მისასვლელი გზა, რომელიც არ დასრულებულა. მანავის ციხე არ გაწმენდილა ბუჩქებისგან, არ არის განთავსებული საინფორმაციო დაფა, გზაზე არ არის დამონტაჟებული მიმთითებელი ნიშნები, გზის პროექტი არ არის დასრულებული, განათება ჯერ კიდევ მოსაწესრიგებელია და მანავის ციხე ამასობაში სულ ცოტა სამჯერ გახსნეს, როგორც გრანდიოზული და დასრულებული პროექტი! და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საქმე ჯერ კიდევ "იგეგმება".
– ტურიზმის განვითარების გეგმის მოთხოვნის საპასუხო ანგარიშში წერია საგარეჯოს ინფრასტრუქტურული განვითარების შესახებ იდეები და ჩატარებული ბიზნესფორუმი, რომელსაც სამიოდე ადგილობრივი ბიზნესმენი ესწრებოდა.
– ჩატარდა ფოტო–ვიდეო კონკურსი "აღმოაჩინე საგარეჯო", რომლის გამარჯვებული ვიდეოც აიტვირთა რამდენიმე დღის წინ, თუმცა პროცესი არ იყო გამჭვირვალე, რაც გულისხმობს იმას რომ არ იციან ვინ იყო ჟიური, ვინ შეაფასა მასალები, ვინ მიიღო გადაწყვეტილება.

დანარჩენი უბრალოდ იდეებია, რომლის განხორციელების თარიღები და ვადები არ არის მითითებული.

„საქმიანი დილა“ აღნიშნულ თემაზე საგარეჯოს მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურს დაუკავშირდა, მაგრამ მათ ინტერვიუზე უარი გვითხრეს, თუმცა bm.ge ეცდება, ოფიციალური წერილით მიმართოს და ყველა კითხვაზე პასუხი მიიღოს.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები