ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია თბილისში გარე რეკლამის ექსკლუზიურ მიმწოდებელთან, "ალმასთან" გააფორმებს 100,000 ლარის ღირებულების კონტრაქტს 26-28 სექტემბერს დაგეგმილი მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძლობასთან დაკავშირებით.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ტურიზმის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით საქართველოს 200-მდე დელეგატი ესტუმრება, მათ შორის არაერთი ქვეყნის ტურიზმის მინისტრი და მაღალი რანგის სტუმარი. სწორედ ამ ღონისძიების მასპინძლობის მნიშვნელობის ხაზგასმისთვის, თბილისის ცენტრში, ასევე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბანერები განთავსდება. წელს ტურიზმის მსოფლიო დღის თემას წარმოადგენს "ტურიზმი და მშვიდობა".
"სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გარე რეკლამის -სარეკლამო (საიმიჯო ვიზუალის) განთავსება სარეკლამო ბილბორდებზე, სტიკერებზე, LED ეკრანებზე:
LED ეკრანები ქალაქის ტერიტორიაზე:
- თბილისი, რესპუბლიკის მოედანი
- თბილისი, თამარაშვილი (დიდი)
- თბილისი, ფილარმონია
- თბილისი, კოსტავა (ახალი)
- თბილისი, ვაკის პარკი
- თბილისი, ტელევიზია
- თბილისი, თავისუფლების მოედანი
- თბილისი, იუსტიციის სახლი
შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მოფრენის დარბაზში:
- თბილისის აეროპორტი სტიკერი ესკალატორზე ბარგის ზონაში
- თბილისის აეროპორტი ხალიჩისებრი სტიკერი იატაკზე (ბარგის ზონა - კიბესთან)
- თბილისის აეროპორტი ხალიჩისებრი სტიკერი იატაკზე (პასპორტ კონტროლის ჯიხურთან
- თბილისის აეროპორტი ხალიჩისებრი სტიკერი იატაკზე (VIP გამოსასვლელში)
- თბილისის აეროპორტი სტიკერები პასპორტ კონტროლის იატაკზე (60 ც.)
2024 წლის 26-28 სექტემბერს, საქართველო მასპინძლობს გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიებას. წელს ტურიზმის მსოფლიო დღის თემას წარმოადგენს „ტურიზმი და მშვიდობა“.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველო უმასპინძლებს 200-მდე სტუმარს სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის, ტურიზმის მინისტრებსა და მაღალი რანგის თანამდებობის პირებს. აღნიშნული ღონისძიების გამართვა ხელს შეუწყობს მსოფლიო მასშტაბით საქართველოს ტურისტული პოტენციალის შემდგომ პოპულარიზაციასა და ქვეყნის როგორც მიმზიდველი დანიშნულების ადგილის იმიჯის განმტკიცებას. ასევე, დაგეგმილია ტურიზმის მიმართულებით სადისკუსიო პანელების, მაღალი რანგის დელეგატებთან ორმხრივი შეხვედრების და საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის სხვადასხვა აქტივობის გამართვა,"- ნათქვამია სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე.