წელს საქართველოს ტურიზმიდან შემოსავალი გაეზარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში ქვეყანამ ტურიზმიდან 1 მილიარდ 898 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. პანდემიამდელი 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს კი 30%-ით აღემატება.
მხოლოდ II კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 1 მილიარდ 91 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო.
სებ-ის მონაცემებით, იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებული შემოსავალი ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
- რუსეთი - $380.1 მლნ;
- თურქეთი - $287 მლნ;
- ევროკავშირის ქვეყნები და გაერთიანებულ სამეფო - $246.3 მლნ;
- ისრაელი - $175.4 მლნ;
- აზერბაიჯანი - $78.5 მლნ;
- უკრაინა - $69 მლნ;
- ირანი - $64.2 მლნ;
- სომხეთი - $64.1 მლნ;
- ბელარუსი - $39 მლნ;
- საუდის არაბეთი - $32.6 მლნ;
- დანარჩენი ქვეყნები - $462 მლნ.
საგულისხმოა, რომ ამ მონაცემებში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის შემთხვევაში, გათვალისწინებული არაა იმ ადამიანების დანახარჯები, რომლებიც საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით რჩებიან. კერძოდ, სებ-ის თანახმად, 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელორუსის მოქალაქეების 16.5%, უკრაინის მოქალაქეების 24.3% და რუსეთის მოქალაქეების 17% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი ან აპირებენ საქართველოში 1 წელზე მეტი ვადით დარჩენას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით, ისინი არიან საქართველოს რეზიდენტები და შესაბამისად, მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის პირველი ნახევარში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების 3 მილიონი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 5.6%-ით მეტია. ვიზიტორთა რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთია, საიდანაც წელს 624 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 7.1%-ით არის მომატებული, მეორე პოზიციაზეა რუსეთის ფედერაცია, საიდანაც 527 ათასი ვიზიტი შედგა, რაც წინა წელთან შედარებით 8.7%-ით ნაკლებია. ამასთან, სტატისტიკის მიხედვით, ტურიზმის სტატისტიკაში პირველ ათეულში EU-ს არცერთი წევრი ქვეყანა არაა.