საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით 4.14 მილიონ ევრომდე ღირებულების სარეკლამო და მარკეტინგულ კამპანიას გეგმავს.
სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ადმინისტრაცია გეგმავს საქართველოს ტურისტული პოტენციალის აქტიურ პოზიციონირებას გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და სკანდინავიის ქვეყნების - შვედეთის, ნორვეგიისა და დანიის ბაზრებზე. ამისთვის დაგეგმილია საერთაშორისო წარმომადგენლობით კომპანიასთან ორწლიანი ხელშეკრულების გაფორმება.
კამპანიის სავარაუდო ღირებულება 4 141 800 ევროა დღგ-ს ჩათვლით. აქედან 2026 წლის ბიუჯეტი დაახლოებით 1 958 800 ევროს, ხოლო 2027 წლის ბიუჯეტი 2 183 000 ევროს ექვივალენტს შეადგენს.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტეგრირებული კამპანია მოიცავს სხვადასხვა სარეკლამო და საკომუნიკაციო აქტივობას, მათ შორის ციფრულ მარკეტინგს, გარე რეკლამას (OOH და DOOH), ტელევიზიასა და რადიოს, ასევე თანამშრომლობას საერთაშორისო გამომცემლობებთან. კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია ასევე პრესტურები, ინფლუენსერების ვიზიტები, საგანმანათლებლო ვორქშოფები, ვებინარები და ბიზნესთან მიმართული შეხვედრები (B2B).
გარდა ამისა, მიზნობრივ ბაზრებზე გაიმართება ე.წ. „როუდშოუები“, სადაც ქართული ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ უცხოელ პარტნიორებთან დაამყარონ საქმიანი კონტაქტები.
ადმინისტრაციის შეფასებით, ევროპის ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ და მზარდ ტურისტულ მიმართულებას წარმოადგენს. უწყება აღნიშნავს, რომ მსგავსი მასშტაბის კამპანიამ შესაძლოა გაზარდოს ქვეყნის ცნობადობა და ხელი შეუწყოს მაღალი დანახარჯის მქონე ტურისტების მოზიდვას.
შესყიდვის განხორციელება იგეგმება გამარტივებული პროცედურით. ადმინისტრაციის განმარტებით, კამპანიის სპეციფიკისა და ვადების გათვალისწინებით, მომსახურების ელექტრონული ტენდერის გზით შეძენამ შესაძლოა პროექტის განხორციელება მნიშვნელოვნად შეაფერხოს.
კამპანიის განხორციელება დაგეგმილია 2026 წლის მარტიდან 2027 წლის დეკემბრის ჩათვლით.




























