ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახეთსა და უზბეკეთში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით ყაზახურ კომპანიას 299 625 დოლარის ხელშეკრულება გაუფორმა. Remark Digital Agency LLP-თან 15 ივლისს გაფორმდა ხელშეკრულება და 2027 წლის 31 იანვრამდე იქნება მოქმედი, თუმცა უშუალოდ მარკეტინგული ღონისძიებები ივლის-ოქტომბერში არის დაგეგმილი.
სარეკლამო კამპანია მოიცავს აქტივობების ფართო სპექტრს, მათ შორის:
- B2B ღონისძიებები: ალმათიში "Georgia Travel Marketplace"-ის და ტაშკენტში "Georgia Air & Tourism Forum"-ის ორგანიზება, სადაც გაიმართება შეხვედრები ტურ-ოპერატორებთან, ავიაკომპანიებთან და ინდუსტრიის წარმომადგენლებთან.
- მედიის წარმომადგენლების, ბლოგერების/ინფლუენსერებისა და ტურ-ოპერატორების მოწვევა საქართველოში.
- ციფრული და PR მარკეტინგი: რეკლამირება სოციალურ ქსელებსა და საძიებო სისტემებში (Meta, TikTok, Google, YouTube, Telegram), ასევე სტატიების გამოქვეყნება წამყვან ადგილობრივ მედიასაშუალებებში.
- პარტნიორობა Easy Booking-თან: უზბეკეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ტურისტულ პლატფორმასთან ინტეგრაცია ქართული ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციისთვის.




























