ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გამარტივებული წესით 1 482 080 დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმა Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ს.
კომპანიამ ჩინეთში მიმდინარე წელს მარკეტინგული სარეკლამო კამპანიის წარმოება უნდა უზრუნველყოს.
ხელშეკრულების მიხედვით, იგეგმება სოციალურ ქსელებში: WeChat, WeChat Channels, Rednote, Weibo-ზე პოსტებისა და ვიდეოების განთავსება, ასევე დაგეგმილია თანამშრომლობა ჩინეთში ცნობილ ადამიანებთან და ჟურნალებთან, ე.წ როუდშოუს ჩატარება და სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მარტში ტურიზმის ადმინისტრაცია ჩინეთში მარკეტინგულ კამპანიაზე სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან 3 252 080 დოლარის შესყიდვაზე ითხოვდა თანხმობას, რომელიც მოგვიანებით გაიწვია. 3.2 მლნ დოლარის დახარჯვა შემდეგი ორი წლის განმავლობაში იგეგმებოდა: დაახლოებით 1.48 მლნ დოლარი 2026 წელს უნდა დახარჯულიყო, ხოლო 2027 წელს 1.77 მლნ დოლარი.
2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.




























