ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტენდერის გარეშე "სილქ ჰოსფითალითთან" 1.4 მლნ ლარის (1 412 010) ხელშეკრულება გააფორმა.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კომპანიამ ITB China 2026-ის ფარგლებში, რომელიც 25 მაისს შანხაიში იმართება, 700 სტუმრის გამასპინძლება უნდა უზრუნველყოს.
ამას გარდა, კომპანია ვალდებულებას იღებს საქართველოს სტენდზე, 3 დღის განმავლობაში (26,27,28 მაისი) ტრადიციული ქართული კერძების მომზადების საჩვენებელი მასტერკლასი და დაგემოვნება (ჯამში 400 ადამიანზე დღეში) მოაწყოს.
აღსანიშნავია, რომ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჩინეთში მარკეტინგულ კამპანიაზე 1.5 მლნ ლარამდე დახარჯვას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ Beijing Shi Dai Yi Feng Information Technology-ს უკვე გაუფორმა ხელშეკრულება. ტურიზმის ადმინისტრაციას ჩინეთი ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებად აქვს გამოცხადებული.
2025 წელს ჩინეთიდან საქართველოში 128 ათასი ვიზიტი შედგა, წლიური ზრდა 44%-ს შეადგენდა. საქსტატის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ჩინეთიდან ჩამოსულმა ვიზიტორებმა შარშან ჯამში 220 მლნ ლარი დახარჯეს, ეს ნიშნავს, რომ ვიზიტზე საშუალო ხარჯი 1 718 ლარის ფარგლებში იყო.




























