საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახლო აღმოსავლეთის ბაზარზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის დაახლოებით 1.8 მილიონ ევროს დახარჯვას გეგმავს. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში გამოქვეყნებული დოკუმენტებიდან ირკვევა.
დოკუმენტის მიხედვით, კამპანიის ორგანიზებისთვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვების ჯამური ბიუჯეტი 2026–2027 წლებში შეადგენს დაახლოებით 1 829 000 ევროს ეკვივალენტს ლარში (დღგ-ს ჩათვლით). აქედან 2026 წლისთვის გათვალისწინებულია დაახლოებით 826 000 ევრო, ხოლო 2027 წლისთვის – დაახლოებით 1 003 000 ევრო.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განმარტებით, ახლო აღმოსავლეთი საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ და მზარდ ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციას ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა კატარი, საუდის არაბეთი, ქუვეითი და არაბთა გაერთიანებული საამიროები.
დაგეგმილი აქტივობები მოიცავს სხვადასხვა სარეკლამო და მარკეტინგულ ღონისძიებას, მათ შორის ციფრულ მარკეტინგს (Google, Meta, TikTok და Snapchat პლატფორმებზე), სატელევიზიო რეკლამას, სტატიების განთავსებას ბეჭდურ და ციფრულ მედიაში, პრესტურებს, ასევე ე.წ. როუდშოუების ჩატარებას რვა ქალაქში. კამპანიის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ბიზნესშეხვედრები (B2B), ვორქშოპები, ვებინარები და საინფორმაციო პრეზენტაციები ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კამპანია მიზნად ისახავს საქართველოს ცნობადობის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და მაღალმხარჯველი ვიზიტორების მოზიდვას, რაც, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს ტურისტული ნაკადის ზრდას.
დოკუმენტის მიხედვით, მომსახურების შესყიდვა იგეგმება გამარტივებული შესყიდვის გზით. ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ კამპანიის მასშტაბისა და მომსახურების სპეციფიკის გამო ელექტრონული ტენდერის ჩატარება შესაძლოა პროცესის შეფერხებას გამოეწვია.
სარეკლამო და მარკეტინგული კამპანიის განხორციელება დაგეგმილია 2026 წლის მარტიდან 2027 წლის დეკემბრის ჩათვლით.
სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ამ ქვეყნებიდან საქართველოში 136 824 ვიზიტორი შემოვიდა, ტურიზმის შემოსავალი კი 213 მილიონი დოლარი იყო.




























