საქართველოს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიისათვის 2023 წლის შემაჯამებელი ანგარიშის პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემაც, ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტურიზმის სექტორის განვითარება თანხვედრაშია ქართულ ტრადიციებთან.
"ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ტურიზმი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი შეაქვს ჩვენი ეკონომიკის განვითარებასა და წინსვლაში. ამასთან ერთად, ტურიზმს უდიდესი პოლიტიკური დატვირთვაც ენიჭება - ის ხელს უწყობს ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას, რაც არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.
აღსანიშნავია, რომ ტურიზმის განვითარება არაჩვეულებრივად მიესადაგება ქართულ კულტურას, ტრადიციებს.. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სტუმარმასპინძლობა ჩვენი, ქართველების, კულტურისა და იდენტობის განუყრელი ნაწილია. სტუმრის ღირსეული დახვედრა და გამასპინძლება ჩვენთვის ყოველთვის იყო განსაკუთრებული სიამაყის საგანი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერმა გასულ წელს სექტორის ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ, კოვიდით გამოწვეული შეფერხებების შემდეგ, ინდუსტრიამ რეკორდული მაჩვენებლები დააფიქსირა.
“გასული წლების განმავლობაში ტურიზმი საქართველოში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდებოდა. კოვიდით განპირობებული შეფერხების შემდეგ, სწორი პოლიტიკის შედეგად, ტურიზმმა მალევე შეძლო აღდგენა და 2023 წელს ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა.
შარშან ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $4 მილიარდზე მეტი შეადგინა, რითაც საქართველომ კოვიდამდე არსებულ მაჩვენებელს 26%-ით გადააჭარბა. 2012 წლიდან სასტუმროების და რესტორნების ბრუნვა 4-ჯერ გაიზარდა, 28 000-დან 40 000-მდე გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა და 3-ჯერ გაიზარდა სექტორში დასაქმებული ადამიანების საშუალო ხელფასი”, - აღნიშნა პრემიერმა და დასძინა, რომ სწრაფი ზრდით გამოირჩეოდა ავიაციის ინდუსტრიაც: საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6 მლნ მგზავრს მოემსახურნენ.
კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ, ისტორიაში პირველად, ქუთაისის აეროპორტი 1.5 მლნ მგზავრს მოემსახურა, ავიაციის ინდუსტრიისა და ტურიზმის ზრდა კი მიმდინარე წელსაც მოსალოდნელია.
“გვაქვს საფუძვლიანი მოლოდინი, რომ 2024 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება. კერძოდ, მოსალოდნელია, რომ ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წელს $4.5 მილიარდს მიაღწევს, ხოლო საქართველოს საერთაშორისო აეროპორტები 6.8 მილიონ მგზავრს მოემსახურება”, - განაცხადა პრემიერმა.