მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის განვითარების ინდექსით საქართველო 45-ე ადგილზეა - ანგარიში

ტურისტები

მსოფლიო ეკონომიკის ფორუმის “მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების” 2024 წლის ინდექსით საქართველო 119 ქვეყნიდან 45-ე ადგილს იკავებს და მაქსიმალური 7 ქულიდან მისი შეფასება 4.14-ია.

Travel & Tourism Development Index - 2022 წელს შეიქმნა - მისი მიზანი სხვადასხვა ქვეყანაში იმ ფაქტორების და პოლიტიკის შეფასებაა, რომელიც ხელს უწყობს ტურიზმის სექტორის მდგრად და სტაბილურ განვითარებას, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. 2024 წლის ინდექსით კი ქვეყნები 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით შეფასდნენ. თავის მხრივ, ინდექსი 2024 წლის სამოგზაუროდ ყველაზე სასურველი ქვეყნების რეიტინგს წარმოადგენს.

ინდექსი 5 სხვადასხვა კატეგორიაში, ჯამში 102 ინდივიდუალურ ინდიკატორს აფასებს. ეს კატეგორიებია: ხელშემწყობი გარემო, ტურიზმის პოლიტიკა და ხელშემწყობი პირობები, ინფრასტრუქტურა და სერვისები, ტურიზმის რესურსები და ტურიზმის მდგრადობა.

ქვეკატეგორიებში საქართველომ ყველაზე მაღალი, 6.17 ქულა ტურიზმის სექტორის უსაფრთხოების კატეგორიაში მოიპოვა, ყველაზე დაბალი, 1.56 ქულა კი - იმ რესურსების ხელმისაწვდომობაში, რომლებიც პასიურ დასვენებას არ უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ საქართველომ ევრაზიის რეგიონში ყველაზე მაღალი შეფასება დაიმსახურა. სომხეთი, 3.73 ქულით, 72-ე ადგილს იკავებს, აზერბაიჯანი 3.98 ქულით - 56-ე ადგილს.

რაც შეეხება ინდექსით შეფასებულ TOP 10 ქვეყანას, მათი რეიტინგი შემდეგნაირად ნაწილდება:

  1. აშშ - 5.25 ქულა
  2. ესპანეთი - 5.18 ქულა
  3. იაპონია - 5.09 ქულა
  4. საფრანგეთი -5.07 ქულა
  5. ავსტრალია - 5.00 ქულა
  6. გერმანია - 5.00 ქულა
  7. გაერთიანებული სამეფო - 4.96 ქულა
  8. ჩინეთი - 4.94 ქულა
  9. იტალია - 4.90 ქულა
  10. შვეიცარია - 4.81 ქულა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები