მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის გარდაცვალების გამო, ოფისი დავცალე - "იბერია ტურს პლიუსის" დამფუძნებელი

5ef9d8191af14
ვიქტორია მღებრიშვილი
29.06.20 23:30
1337
"ეს ის ოფისია, რომელიც დავცალე ტურიზმის გარდაცვალების გამო, მაგრამ როგორც ოპტიმისტს, ნათელი მომავლის იმედი არ მტოვებს" - ამის შესახებ Facebook-ის პირად გვერდზე ტურისტული კომპანია "იბერია ტურს პლიუსის" დამფუძნებელმა მაია მურაჩაშვილმა დაწერ.

BM.GE ტურისტული კომპანიის მიერ ოფისის დაცლის მიზეზებთან დაკავშირებით მაია მურაჩაშვილს დაუკავშირდა. მისი თქმით, ოფისის დაცლის გადაწყვეტილება ამ კრიზისულ პერიოდში ხარჯების შემცირების მიზნით მიიღო და კომპანია საქმიანობას შეძლებისდაგვარად დისტანციურად განაგრძობს.

„ოფისი ცოტა ხნით დავკეტე, რათა ხარჯები შემემცირებინა, იმ იმედით, რომ სექტემბერ-ოქტომბერში მაინც შევძლებ რამდენიმე ჯგუფის შემოყვანას, თუ საზღვრები გაიხსნება. ჩვენ ონლაინ მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება მივიღეთ ამ პანდემიის პირობებში და გარკვეული პერიოდი ონლაინ მოგვიწევს მუშაობა“, - განმარტავს „იბერია ტურს პლიუსის" დამფუძნებელი.

მისივე ინფორმაციით, ახლა ტურისტულ კომპანიაში, რომელიც შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით ოპერირებს 6 ადამიანია დასაქმებული, დანარჩენი 30-მდე ადამიანი კი იძულებით გაათავისუფლა.

„მუდმივად დასაქმებული მყავს 6 თანამშრომელი და მათ ხელფასები უნარჩუნდებათ. აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე დაახლოებით 10-11 ჯგუფს და ჯიპ-ტურებს ვიღებდით თვეში, შესაბამისად დაახლოებით 30 თანამშრომლამდე იძულებით გავათავისუფლეთ, ესენი არიან გიდები და მძღოლები“, - ამბობს მაია მურაჩაშვილი.

კითხვაზე - ხომ არ აპირებს კომპანია ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით გააქტიურებას, კომპანიის დამფუძნებელი პასუხობს, რომ ამაში აზრს ვერ ხედავს.

„ადგილობრივი ტურიზმის მიმართულებით იბერია ტურს პლიუსის გაატიურებას აზრი არ აქვს, რადგან ის ტურისტულები, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ მიზერული შემოსავლები აქვთ. იმდენად ბევრი ადამიანია დარჩენილი უსამსახუროდ და იმდენად მცირეა აქედან შემოსავლები, რომ მე მირჩევია ჩემს კოლეგებს დავუთმო ეს სფერო, რომლებსაც გაცილებით მძიმე ეკონომიური მდგომარეობა აქვთ“, - განაცხადა მან.

ერთადერთ გამოსავლად „იბერია ტურს პლიუსის“ დამფუძნებელი, რომელიც ასევე გუდაურში ორ სასტუმროს „გუდაური ლოფტს“ და „გეოგრაფს“, ხოლო ანაკლიაში Anaklia Resort Pratap's Signature-ს (ეს უკანასკნელი ამ დროისთვის სახელმწიფო საკარანტინე სივრცეების პროგრამაშია ჩართული) მართავს აცხადებს, რომ მათ უცხოელ პარტნიორებს საქართველოს მიმართულებით გააქტიურების მზაობა, მიუხედავად საზღვრის კვეთისას არსებული გაუგებრობებისა და რეგულაციების არ არსებობისა მაინც ჰქონდათ.

„ისრაელი, ფინეთიდან და სკანდინავიის ქვეყნებიდან ჩვენი პარტნიორები მზად იყვნენ რომ აგვისტო-სექტემბერში შემოსულიყვნენ. მე მესმის რომ მდგომარეობა ისრაელში გაუარესდა, მაგრამ სხვა მიმართულებით ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კარგია და ჩვენ შეგვიძლია ყველა წესის დაცვით შემოვიყვანოთ ტურისტები ამ ქვეყნებიდან, იგივე ფინეთი, შვედეთი და ა.შ. ჩვენ შევეცდებით რომ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში არ გაუარესდეს, სამაგიეროდ ქვეყანაში თანხები შემოვა და ცოტა ამოვისუნთქებთ“, - უთხრა BM.GE-ს მაია მურაჩაშვილმა.

მისი თქმით, გუდაურის 2 სასტუმროში 100-მდე ადამიანია დასაქმებული, რომელიც ახლა იძულებით შვებულებაშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები