“გაეროს ტურიზმმა” (“ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის” ახალი სახელი) 2024 წლის საუკეთესო ტურისტული სოფლების გამოსავლენად განცხადებების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.
“საუკეთესო ტურისტული სოფლების” წლევანდელი გამოცემა რიგით მეოთხე იქნება ორგანიზაციისთვის. ამ დრომდე გაერომ 100-მდე ქვეყნის 600-მდე აპლიკაცია განიხილა, “საუკეთესო ტურისტული სოფლების” ქსელი კი გლობალურად 186 წევრს აერთიანებს, საიდანაც 129-ს საუკეთესო ტურისტული სოფლის ტიტული მიენიჭა, 57 სოფელი კი “განახლების პროგრამაში” ჩაერთო.
როგორც “გაეროს ტურიზმის” გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი განმარტავს, საუკეთესო სოფლის ტიტული იმ პუნქტებს ენიჭებათ, რომლებიც საკუთარი ტურისტული პოტენციალის ათვისებას აქტიურად ცდილობენ.
“საუკეთესო ტურისტული სოფელი აღიარებას აძლევს იმ სოფლების ტურისტულ პუნქტებს, სადაც ტურიზმი ეფექტიანადაა ათვისებული, როგორც შესაძლებლობა ან ხელსაწყო მდგრადი ზრდისა და უნიკალური კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. 2024 წლის ვერსიიდან მოუთმენლად ველით ტურისტული სოფლების საუკეთესო მაგალითების გამოვლენას”, - ამბობს პოლოლიკაშვილი.
ორგანიზაცია განცხადებებს 2024 წლის 24 აპრილამდე მიიღებს, “საუკეთესო ტურისტული სოფლის” ტიტულის მისაღებად მაქსიმუმ 8 კანდიდატის წარდგენა “გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის” წევრ ქვეყნებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მეშვეობით შეუძლიათ.
ცნობისთვის, საუკეთესო ტურისტული სოფლის წოდება 2021 წელს მესტიამაც მოიპოვა.