მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმის შემოსავლები შეიძლება 2019 წელსაც გაუტოლდეს, რადგან რუსები ბევრს ხარჯავენ - სიდამონიძე

62bc15b036500
მარიამ ვარადაშვილი
02.07.22 09:49
1252
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია სიდამონიძე ამბობს, რომ მიზნობრივი ქვეყნებიდან ვიზიტორების რიცხვი შემცირებულია და ტურიზმის აღდგენა ძირითადად მეზობელი ქვეყნების ხარჯზე ხდება.

“მიზნობრივი ბაზრების კუთხით სურათი საგრძნობლად შეცვლილია. ადრე თუ ჩვენი მიზანი ბაზრის დივერსიფიცირება იყო, დღეს 3-4 ქვეყნიდან შემოდიან ვიზიტორები და ისიც ტურისტული მიზნების გარეშე. ხშირ შემთხვევაში მოკლევადიანი პერიოდით ცხოვრების მიზნით ჩამოდიან. შედეგად, თბილისსა და ბათუმში აპარტამენტები ძალიან გაძვირებულია. სასტუმროებს რაც შეეხება, მათი დატვირთვა ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ეს გასულ ტურისტულ სეზონებზე იყო. ამას თავისი მიზეზებიც აქვს, აქამდე იყო პანდემია ახლა კი უკრაინაში მიმდინარე ომია. ყველაფრის მიუხედავად, ტურისტებისთვის საშიშ ქვეყნად მაინც ვითვლებით. დიდი ძალისხმევა უნდა ჩადოს ქვეყანამ, რათა ეს მითი დაიმსხვრეს”,-აცხადებს სიდამონიძე.

იანვრ-მაისში საქართველომ ტურიზმიდან თითქმის 841 მლნ დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით 75.3% აღდგენაა. ყველაზე მეტი 258 მლნ დოლარი ქვეყანამ მაისში მიიღო. რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, მაისში მათმა რაოდენობამ 319 796-ს მიაღწია, რაც 48%-ით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. მოცემულ პერიოდში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთიდან, რუსეთიდან და სომხეთიდან განხორციელდა. ევროკავშირის ქვეყნებიდან მაისში 21 ათასი ვიზიტი შედგა, რაც თითქმის 55%-ით ნაკლებია 2019 წლის მაისთან შედარებით.

“სასტუმროზე მიბმული რესტორანი მაქვს. ამიტომ, ყოველთვის ტურისტებზე ვმუშაობდი და ნაკლებად - ადგილობრივებზე. სარესტორნო ბიზნესი პანდემიის პერიოდთან შედარებით რეაბილიტირდა, თუმცა ბევრად ნაკლები შემოსავლებით, ვიდრე ეს პანდემიამდე იყო. როცა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენაზეა საუბარი, შესაძლოა შემოსავლების რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებელს გაუტოლდეს, რადგან სანქცირებული რუსები აქ ბევრს ხარჯავენ. ადრე თუ გერმანული, იაპონური ჯგუფები შემოდიოდნენ, დღეს ასე აღარ ხდება. რუსეთის მოქალაქეები დიახ, ნამდვილად ბევრნი არიან”,-აცხადებს მაია სიდამონიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები