მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს 15-20%-ით მეტ ტურისტს ველოდებით - Check – in Travel-ის გენდირექტორი

642544a96997e
ელენე გოგბერაშვილი
31.03.23 10:00
479
„აპრილი-მაისის თვეში ტურისტების დიდ ნაკადს ველოდები, რაც ქვეყანას ძალიან დიდ შემოსავალს მოუტანს“ - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში Check – in Travel-ის გენერალურმა დირექტორმა ია გედევანიშვილმა განაცხადა. ტურისტული სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ გასულ წელთან შედარებით 2023 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები დაახლოებით 15-20%-ით გაიზრდება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული $3.5 მილიარდის შემოსავალი მიიღო. ზრდამ 2021 წელთან შედარებით 182% შეადგინა. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული მაქსიმალური შემოსავალი 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება ტურიზმის აღდგენის დინამიკას, საქართველოში 2022 წელს 5.4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა. 2022 წელს 2019 წელთან შედარებით საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების 71.9%, ხოლო საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების 58% აღდგა.

„ძალიან კარგად დაიწყო წელი. ძალიან კმაყოფილი ვარ, მაგრამ ველოდებით ბევრად მეტს. აპრილი-მაისის თვეში ველოდები ტურისტების დიდ ნაკადს, რაც ქვეყანას მოუტანს ძალიან დიდ შემოსავალს. წელს ბევრად მეტ შემოსავალს ველოდებით, ვიდრე წინა წელს იყო, დაახლოებით 15-20%-იან ზრდას, შარშანდელთან შედარებით.

ბევრად მეტი მოლაპარაკება გვქონდა, ბევრად მეტი კონტრაქტი დაიდო, 5 გამოფენაზე ვიყავით და იქიდან ჩამოვიტანეთ ძალიან ბევრი კონტრაქტი“,-აცხადებს ია გედევანიშვილი.

მისი თქმით, წელს კომპანია არ ელოდება ევროპელ ტურისტებს, რადგან ევროპის ბაზარზე ძველი კონტაქტების აღდგენა ვერ მოხერხდა.

„ჩემი კომპანია ევროპიდან ნაკლებად ელოდება ტურისტებს, რადგან ვერ აღვადგინეთ ის კავშირები, რომელიც იყო საჭირო მიუხედავად ბერლინის გამოფენისა. ძალიან მიჭირს ამის თქმა, მაგრამ უფრო მეტი ჩვენი ძველი პარტნიორებისგან გვაქვს ახალი წლიური კონტრაქტები და ეს არ არის სამწუხაროდ, ევროპა. ეს არის უფრო ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი...

აღვადგინეთ კავშირი და გავედით უზბეკეთის ბაზარზე. იქიდან ტურისტების დიდი ნაკადი იყო გასულ წელს და წელს გაორმაგებული უნდა იყოს. იზრდება რაოდენობები, და არა მიმართულებები“,-აცხადებს ია გედევანიშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები