მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია გაიხსნა, რომელთა საქმიანობა ვერ კონტროლდება...წესით უნდა იყოს ლიცენზირება“

642ae0286859b
ელენე გოგბერაშვილი
03.04.23 22:00
636
ტურიზმის აღდგენამ დღის წესრიგში დააბრუნა სექტორში წლების განმავლობაში დაგროვილი პრობლემები, მათ შორის, ბაზარზე კიდევ უფრო აქტიურად გამოჩნდნენ უცხოელები, რომლებიც ტურისტულ ბიზნესს საქართველოში აწარმოებენ. მოქმედი კანონი მათ რაიმე ტიპის შეზღუდვას არ უწესებს. როგორც კერძო სექტორში განმარტავენ, უმეტეს შემთხვევაში აღნიშნული ბიზნესი ჩრდილოვანია.

ტურისტული სააგენტო Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს სფერო ლიცენზირებას საჭიროებს, რაზეც სექტორი წლებია საუბრობს. „საქართველოს კანონი ტურისტულ კომპანიებს საერთოდ არ იცავს“,-ამბობს ია გედევანიშვილი BMGTV-ის გადაცემა რედაქტ2-ში.

„საქართველოს კანონი ტურისტულ კომპანიებს საერთოდ არ იცავს. არ ვსაუბრობ დიდ კომპანიებზე, მაგრამ ეს ნამდვილად შეუშლის ხელს ყველა გიდს, პატარა კომპანიებს. წესით და კანონით უნდა იყოს ლიცენზირება, რაზეც წლებია ვსაუბრობთ.

რატომ უნდა ჰქონდეს ჩამოსულ უცხოელ მოქალაქეს იგივე საშუალება, რაც შენს მოქალაქეს, რომელიც არც დარჩა შენს ქვეყანაში, რაღაც პერიოდი იცხოვრა, შენს მოქალაქეს წაართვა შემოსავალი და ეგ შემოსავალი გაიტანა და გავიდა.

ბევრი უცხოეთის მოქალაქე, არამარტო რუსეთის, უკრაინის და ბელარუსიის, იგივე ირანის მოქალაქეები ხსნიან აქ კომპანიას. ძალიან ბევრი უცხოური ტურისტული კომპანია გაიხსნა, რომელიც ვერ კონტროლდება, ვერც მაგათი შემოსავალი, ვერც გასავალი და ვერც ვერაფერი. ან მაგათი გიდები როგორ მუშაობენ, ამასაც ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ არ ვიცით რას ყვებიან, ის რაც გავიგეთ ნაწილობრივ ჩვენი გიდებისგან, არის შემაშფოთებელი“,-აცხადებს გედევანიშვილი.

ის თვლის, რომ მსგავსი ტურისტული საქმიანობის ლიცენზია საერთოდ არ უნდა გაიცეს უცხო ქვეყნის მოქალაქეზე.

„კანონმა უნდა დაიცვას საქართველოს ტუროპერატორები და ყველა, ვინც ჩართულია ტურიზმის ბიზნესში, რომ ჩვენ მშვიდად ვიმუშაოთ და სახელმწიფოს გაეზარდოს შემოსავალი“,-აცხადებს Check – in Travel-ის გენერალური დირექტორი.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები