მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტურიზმის შემოსავლების რეალური ზრდა (ინფლაციის ჩათვლით) 2019 წელთან შედარებით, დაახლოებით 9%-ია - კაკაურიძე

კაკაურიძე

"ქართული ოცნების" ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ 2019 წელთან შედარებით ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების რეალური ზრდა (ინფლაციის ჩათვლით) დაახლოებით 9% იყო. როგორც პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, 2024 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის წარდგენისას კაკაურიძემ თქვა, ძირითადი მიზეზი 2019 წელთან შედარებით, ვიზიტების ხანგრძლივობის ზრდა იყო. ასე უპასუხა მან "ქართული ოცნების" წევრის ბეჟან წაქაძის კითხვას, რომელიც დაინტერესდა ტურიზმის შემოსავლების ზრდაში რა როლი ჰქონდა ავიაკომპანიების ბილეთების ფასს, რომელიც 2019 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად გაძვირებულია.

"თვითმფრინავის ბილეთებიდან შემოსავალი ძირითადად ქართული ეკონომიკის შემოსავალი არ არის, რადგან ქართული ავიაკომპანიები ძალიან მცირე დოზით ემსახურებიან ტურისტებს. ძირითადად უცხოური ავიაკომპანიები არიან, ხოლო სახმელეთო საზღვრის კვეთის შემთხვევაში, ბილეთებზე ვერ ვისაუბრებთ. ამიტომ უნდა შევხედოთ ჯამში ინფლაციამ რა გავლენა იქონია. თუ ვნახავთ ინფლაციის ჭრილში შეიძლება ითქვას, რომ დაახლოებით 35%-იანი ზრდიდან 9%-ია ინფლაციის გამოკლებით ზდა, ანუ რეალური ზრდა. თუმცა ზრდა კიდევ მოხდა ხანგრძლივობის ხარჯზე, ანუ ტურისტების დარჩენის ხანგრძლივობა 2019 წელთან შედარებით გაზრდილია. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ ჩამოსული ტურისტი რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს ქვეყანაში. ეს მაჩვენებელია გაზრდილი და ამან გამოიწვია უფრო მეტი შემოსავალი ტურიზმიდან ჩვენს ეკონომიკაში", - თქვა კაკაურიძემ.

2019 წელს საქართველომ ტურიზმიდან დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, შარშან კი შემოსავლები 4.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები