მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტი - რა რეგულაციები შემოდის ბიზნესისთვის?

637774835fa27
ელენე გოგბერაშვილი
18.11.22 16:23
3438
მომავალი წლისთვის ტურიზმის სექტორს სრულიად ახალი მარეგულირებელი დოკუმენტი ექნება. მან 1997 წელს მიღებული დღემდე მოქმედი კანონი უნდა ჩაანაცვლოს. ახალი ნორმატიული დოკუმენტის პროექტი, რომელზეც წლების განმავლობაში მიდიოდა მუშაობა, ტურიზმის კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან დაახლოებას, ტურისტების უსაფრთხოების მარეგულირებელ ნორმებს და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტებს მოიცავს.

კერძოდ, წარმოდგენილი ცვლილებებით, ტურისტული საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულო ხდება, აქ მოიაზრება როგორც ტურ-ოპერატორები, ისე გიდები, კომბინირებული სამოგზაურო მომსახურების გამწევი, ასევე მაღალი რისკის შემცველი ტურისტული საქმიანობები. ამ უკანასკნელის შემთხვევაში კი შემოდის ცალკე მარეგულირებელი ნორმები, კერძოდ, სავალდებულო იქნება როგორც სამთო, ისე სათხილამურო და ალპური გამყოლის სერტიფიცირება.

ტურიზმის შესახებ ახალ კანონს შემოაქვს ასევე ტურისტული გიდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აღსანიშნავია, რომ მათთვის პროფესიული სერტიფიცირება ნებაყოფლობითი იქნება, თუმცა გიდების სერტიფიცირების სტიმულირებისთვის შემოდის ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობა, რომელსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გასცემს. ეს იქნება გიდის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის საფუძველზეც გიდი გათავისუფლდება სახელმწიფო მუზეუმებსა და დაცულ ტერიტორიებზე შესვლის გადასახადისგან. ამასთან, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ ადგილებში ტურისტული გიდის მომსახურების განხორციელების უფლება მხოლოდ ტურისტული გიდის ოფიციალური სამკერდე მოწმობის მქონე პირებს ექნებათ.

კანონს შემოაქვს ასევე ტურისტული პაკეტისა და კომბინირებული ტურისტული მომსახურების რეგულირება და მომხმარებლის უფლებების დაცვის სტანდარტები. მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ ტურ-ოპერატორი ვალდებული ხდება ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდეს მისი შესაძლო გადახდისუუნარობის შემთხვევის გადასაზღვევად.

კანონპროექტის თანახმად, ფინანსური უზრუნველყოფის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ტურ-ოპერატორს ან კომბინირებული მომსახურების მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი პასუხისმგებლობის დაზღვევა ან საბანკო გარანტია. მათ ზედამხედველ რგოლად, კანონპროექტით კონკურენციის სააგენტო გვევლინება. აღნიშნულმა უწყებამ უნდა დაადგინოს, რამდენად გადახდისუნარიანია ესა თუ ის ოპერატორი. თუ სააგენტო დაადგენს მომსახურების მიმწოდებლის გადახდისუუნარობის ფაქტს, დაზარალებული ტურისტი, რომელსაც გაუუქმდა პაკეტი, უფლებამოსილი იქნება აინაზღაუროს პაკეტში გადახდილი თანხა უზრუნველყოფიდან.

დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილის თქმით, სავარაუდოდ დოკუმენტის ინიცირება პარლამენტში მიმდინარე წლის ბოლომდე მოხდება. განხილვები და კანონპროექტის დამტკიცება კი მომავალი წლის საგაზაფხულო სესიაზე უნდა მოესწროს.




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები