მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმს წელს 30-40%-იანი ზრდის პოტენციალი აქვს - ლაშა ხუციშვილი

63ce7219a555d
ვიქტორია მღებრიშვილი
23.01.23 15:43
658
საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს ტურიზმის სექტორში შემოსავლების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, 2023 წელს ტურიზმი ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მნიშვნელოვანი ფაქტორი შეიძლება იყოს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, განხორციელებული ვიზიტების მხრივ 2022 წელს ტურიზმი პანდემიამდელ მაჩვენებელთან შედარებით 70%-ით აღდგა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ ტურიზმს ზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს.

„გასულ წელს ტურიზმის აღდგენა საკმაოდ ძლიერი იყო, მიღებულმა შემოსავალმა 3.5 მლრდ დოლარს გადააჭარბა. შემოსავლების ეს მოცულობა პანდემიამდელ მაჩვენებელს აჭარბებს, რომელიც საქართველოსთვის თავის მხრივ რეკორდული იყო.

ტურიზმის აღდგენის პროცესი საკმაოდ ძლიერია, თუმცა აღსანიშნია ის გარემოება, რომ რაოდენობრივ ნაწილში ტურიზმის მაჩვენებელი ჯერჯერობით არ არის დაბრუნებული იმ მაჩვენებელზე, რა რაოდენობაც პანდემიამდე გვქონდა.... დაახლოებით 70%-ის ფარგლებშია, რაც, მეორე მხრივ, იმაზე მიუთითებს, რომ ტურიზმს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, რომ მიმდინარე 2023 წელს იგი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარების მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს. მიმდინარე წელს ქვეყანას დაახლოებით 30-40%-იანი ზრდის შესაძლებლობა აქვს“, - განაცხადა ხუციშვილმა.

ცნობისთვის: ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, გასული წლის განმავლობაში საერთაშორისო ვიზიტორებმა ქვეყანაში 3.5 მილიარდი დოლარი დახარჯეს, რაც 2021 წელთან შედარებით 182%-ით მეტი იყო. ეს შემოსავალი პანდემიამდელ პერიოდსაც აღემატება. აქამდე საქართველოს ტურიზმის სექტორის მიერ გენერირებული შემოსავალი მაქსიმალური 2019 წელს იყო და ის 3.2 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ტურიზმის შემოსავლის მატება სავარაუდოდ თავად ამ სექტორის აღდგენასთან ერთად, რუსეთიდან შემოსულ მიგრაციულ ტალღას უკავშირდება, რადგანაც ეროვნული ბანკის მონაცემებით 2022-ში ტურიზმის სფერომ ყველაზე დიდი შემოსავალი - 891 მილიონი დოლარი სწორედ რუსეთის მოქალაქეებისგან მიიღო. ტურიზმის ეროვნული სააგენტო ინფორმაციით კი, 2022 წლის განმავლობაში - 1 მილიონ 087 ათასი ვიზიტი საქართველოში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებმა განახორციელეს. 925 ათასი ვიზიტით მეორე ადგილზეა თურქეთია, ხოლო მესამე ადგილს სომხეთი 742 ათასი ვიზიტორით იკავებს.

ჯამში 2022 წელს საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 4 703 945 იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებით აღდგენა 59.5%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები