საქართველოს სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებლის თქმით, ტურიზმის სექტორში იანვარ-ივლისის ჩათვლით მატება 25%-ია. გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ალავერდაშვილმა განაცხადა, რომ ზრდა რუსეთის, გალფის ქვეყნების და ისრაელის ხარჯზეა.
მისივე ინფორმაციით ქვეყანაში ჩამოსული სტუმრებიდან 4*-იან სეგმენტზე მხოლოდ 5-8% მოდის.
“წლიურ ჭრილში რომ შევაფასოთ, აპრილის ჩათვლით 35%-იანი ზრდა გვქონდა, შემდეგ მაისი ჩაგვივარდა, 20-25%-იანი კლება იყო და ივნის-ივლისი ისევ 35%-იანი ზრდაა. ჯამში იანვარი-ივლისის ჩათვლით თბილისში 25%-იანი ზრდა გვაქვს, ზრდაა ასევე რეგიონებშიც, ყველაზე მეტად კი აჭარაში. შარშან გახსოვთ რომ კახოვკის კაშხლის აფეთქების გამო ჯავშნები გაუქმდა. წელს ეს საფრთხე აღარ არის და ბევრმა გადაწყვიტა ზღვაზე წასვლა.
ყველაზე დიდი სტუმრების ნამატი აჭარის რეგიონში არის რუსეთი და გალფის ქვეყნებიდან. ასევე ისრაელი, რომელიც ყოველთვის ჩვენი სტაბილური პარტნიორია და სულ ზემოთ მიდის, წელს ისრაელიდან 20%-იანი ნამატი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რამდენი ფრენაც არ უნდა დაინიშნოს ისრაელიდან ყველა სავსე იქნება, იმდენად დიდი მოთხოვნაა, ზამთრის კურორტების დაჯავშნა უკვე მიმდინარეობს მათი მხრიდან.
გვყავს 5 *-იანი სასტუმროს სტუმარიც, რომელიც 200$-ს იხდის ღამეში და გვყავს 3*-იანიც, რომელიც 55-70$-ს ხარჯავს. არ გვყავს 4*-იან სასტუმროს მსურველები, ასეთი სულ 5-8%-ია. 2016-2017 წწ-თან შედარებით თბილისში ოთახების რაოდენობა 20 ათასით გაიზარდა, ჯამში კონკურენციიდან გამომდინარე ფასები შემცირებულია და ეს ხდება ოთახების რაოდენობის ხარჯზე, 38 ათასი ნომერია რომელშიც შედის ყველა ტიპის განთავსების ობიექტი. 27 ათასი ბინა გვაქვს გასაქირავებელი, ბათუმში გამოტანილია 40 ათასი, რაც უდიდეს კონკურენციას უწევს სასტუმროებს. ეს მსოფლიო პრობლემაა და მხოლოდ ჩვენთან არ დგას. სასტუმროებს უამრავი სტანდარტი აქვთ, პერსონალი, შესაბამისად ხარჯი გაცილებით დიდი აქვთ, ბინები არ იხდიან არაფერს და ხარჯიც გაცილებით ნაკლებია,“- განაცხადა ალავერდაშვილმა.
სექტორის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ საგარეო და საშინაო სტაბილურობის ფონზე, 2024 წელს 20%-იანი ზრდით დაასრულებენ.
„ბუნდოვანია რა იქნება მომდევნო პერიოდში, იმედია შემოდგომაზე ბევრი დამკვირვებელი ჩამოვა და ბევრ ნომერს დაიქირავებენ, MICE ტურიზმი იქნება აქტიური და ამის ხარჯზე მოხდება დატვირთვა. ამ ეტაპისთვის პოზიტიურად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ თუ გლობალური კატასტროფა არ მოხდა, ან რამე ისეთი მოვლენა, რაც მაისში გვქონდა ქვეყანაში წლევანდელ წელს 20%-იანი ნამატით დავასრულებთ,“ - განაცხადა ალავერდაშვილმა.