მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ტურიზმში ვერც წელს მივუახლოვდით იმ ნიშნულს, რაც 2019 წლამდე იყო - PEGAS Touristik Georgia

სალომე ბერაია

PEGAS Touristik Georgia, რომელიც როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით საქმიანობს, 2024 წლის შედეგებით უკმაყოფილო არაა.

ამასთან, როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას კომპანიის გენერალურმა დირექტორმა სალომე ბერაიამ განაცხადა, 2019 წლის შედეგებს ვერც წელს მიუახლოვდნენ.

"PEGAS Touristik-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს 24 ქვეყანაში ოპერირებს და შემიძლია, სხვა ქვეყნებში ჩვენი წარმომადგენლობების სახელითაც თამამად ვთქვა, რომ არსად არ არის აღდგენილი არც მგზავრების რაოდენობა და არც კომერციული შემოსავლები. ამ მხრივ, საქართველო გამონაკლისი არაა ანუ არ გვაქვს ის შედეგები, რაც 2019 წლამდე იყო ტურიზმის თუ ავიაციის სფეროში. ჩვენი ჰოლდინგის ხელმძღვანელობა ერთხმად შეთანხმდა იმაზე, რომ დავივიწყოთ, რა იყო პანდემიამდე და დავიწყოთ ახალი ათვლა 2022 წლიდან, რადგან 2020-2021 წლებში, პანდემიის გამო ტურიზმი სრულად პარალიზებული იყო“, - განაცხადა სალომე ბერაიამ.

2024 წლის 9 თვეში ტურიზმი პანდემიამდელ ნიშნულს კვლავ ჩამორჩება

რაც შეეხება შარშანდელთან შედარებით, 2024 წლის შედეგებს, როგორც PEGAS Touristik Georgia-ს გენერალური დირექტორი ამბობს, წლევანდელი წელი როგორც ტურისტების რაოდენობით, ისე კომერციული შემოსავლებით, შარშანდელის მსგავსი იყო.

„ჩვენ ვართ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ტუროპერატორი, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ტურისტების გაყვანაზე მასიურად მუშაობს. 2024 წლით უკმაყოფილოები არ ვართ, მაგრამ უკეთესიც შეიძლებოდა. შარშანდელთან შედარებით კლება არ გვქონია, თუმცა როცა მომდევნო მომდევნო წელი გასულ წელზე უკეთესი არაა, ჩვენთვის კლებას ნიშნავს. მოლოდინი გაცილებით მაღალი იყო“, - აღნიშნა სალომე ბერაიამ და იმ ფაქტორებზე ისაუბრა, რის გამოც პროგნოზები ვერ გამართლდა.

მისი თქმით, დაახლოებით, 30-35%-ით გაძვირებული მოგზაურობა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რატომაც წელს საქართველოდან საზღვარგარეთ მოგზაურების მსურველების რიცხვი არ გაზრდილა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური სიტუაცია ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო.

„მოგეხსენებათ, მარტიდან მოყოლებული {რუსული კანონის გამო} საქართველოში არეულობა და საპროტესტო პერიოდი იყო, რაც ჩვენს შედეგებზეც აისახა. არ აქვს მნიშვნელობა, კომპანია გამყვანი ტურიზმის მიმართულებით მუშაობს, თუ - შემომყვანის. მახსოვს, იმ პერიოდში, ამ სტუდიაში ვიყავი სტუმრად და ვსაუბრობდი იმაზე, რომ გაყიდვების მიმართულებით ჩავარდნა არ იყო, რადგან PEGAS Touristik Georgia საერთაშორისო ჰოლდინგის ნაწილია და მე უკვე დიდი ხნის წინ მქონდა ტურები გაყიდული, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოთხოვნამ და მომართვიანობამ არ იკლო - აპრილის დასაწყისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე ძალიან დიდი ჩავარდნა იყო, სანამ არ დასტაბილურდა სიტუაცია და არ გაჩნდა განცდა, რომ ქვეყანა სამოგზაუროდ უსაფრთხოა“, - თქვა სალომე ბერაიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები