საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარის, ნატალია ბახტაძე საქართველოს მიერ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატის მოხსნას აფასებს და მიიჩნევს, რომ ეს, სავარაუდოდ, რუსეთის მითითებით მოხდა. აღსანიშნავია, რომ სწორედ პოლოლიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს გარიცხეს რუსეთი UNWTO-დან.
საქმე ისაა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივნის თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა წარადგინა, თუმცა შემდეგ მოხსნა და აცხადებს, რომ მხარს არაბთა გაერთიანებული საამიროების (UAE) კანდიდატს დაუჭერს.
ნატალია ბახტაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ ყველაფრის შედეგად რეპუტაციული ზიანი ცალსახაა.
"ტურიზმი ჩვენი ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, ეს წინადადება დავიმახსოვროთ და მოდით ახლა გავაანალიზოთ რა მოხდა ჩვენი ქვეყნისთვის გენერალური მდივნის პოზიციაზე ქართველი კანდიდატის მოხსნით.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია, როგორც გაეროს ყველა ორგანიზაცია, ქმნის ძალიან ზოგადს, მაგრამ მაინც სფეროს ძირითად ჩარჩოს: რა უნდა განვითარდეს სფეროში, რა მიმართულებით უნდა წავიდეს აქცენტები და ა.შ. თუმცა ეს ჩარჩო ზოგადია და ყველა ქვეყანას შეუძლია ტურიზმის სფეროში უფრო დახვეწოს და განავითაროს მიდგომები და წესები, იქიდან გამომდინარე მას რა საჭიროება აქვს (მაგალითად ტურისტების დათვლის წესი, პროფესიების რეგულაცია, ტერმინების განსაზღვრება და ა.შ) UN Tourism საფუძველს იძლევა ქვეყანათშორისი ურთიერთობის დროს ზუსტად ამ ჩარჩოთი განსაზღვროს ურთიერთგაგების საფუძველი.
ეს შესავალი გავაკეთე იმისთვის, რომ კარგად დავინახოთ რა პოზიცია ეკავა ზურაბ პოლოლიკაშვილს, ის ვერ მიუძღვნიდა მთელ თავის დროს და საქმიანობას ჩვენს ქვეყანას, თუმცა ასეთი პატარა ქვეყნისთვის თავისი ადამიანი, რომელსაც საქართველოს ინტერესები მუდმივად თავში ქონდა სტრატეგიული და ჩარჩო გადაწყვეტილებების დროს, ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია.
ზურაბ პოლოლიკაშვილი გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ახლა UN Tourism გენერალურ მდივნად პირველად აირჩიეს 2017 წლის მაისში - 2021 წლის ბოლომდე. 2021 წელს აირჩიეს მეორე ვადით, რომელიც გაგრძელდება 2025 წლის 31 დეკემბრამდე .
ის, რომ საქართველო ბერლინის ტურისტული გამოფენის მასპინძელი ქვეყანა იყო 2023 წელს დარწმუნებული ვარ ბატონი პოლოლიკაშვილის ფაქტორის გავლენის გარეშე არ გამოვიდოდა.
ახლა შევხედოთ არჩევის პროცედურას
- წევრი ქვეყნები წარადგენენ თავიანთ კანდიდატებს გენერალური მდივნის თანამდებობაზე. კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი პროფესიული და დიპლომატიური გამოვდილება
- კანდიდატები გადიან წინასწარ შეფასებას და გასაუბრებას ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს მიერ. საბჭო აფასებს კანდიდატების კვალიფიკაციას, ხედვებსა და სტრატეგიულ გეგმებს
- აღმასრულებელი საბჭო ირჩევს ერთ კანდიდატს, რომელსაც სთავაზობს გენერალურ ასამბლეას დასამტკიცებლად. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმების უმრავლესობით.
გენერალური მდივნის ვადაა ოთხი წელი, და მას შეუძლია ხელახლა იყაროს კენჭი
ახლა თავად ფაქტს რომ მივუბრუნდეთ, რა მოხდა, საქართველო არ აპირებს წარადგინოს საკუთარი კანდიდატი და მხარს უჭერს სხვა ქვეყნის კანდიდატის ხედვებსა და სტრატეგიულ მიდგომებს, ანუ ჩვენთვის გაერთიანებული არაბეთის ემირატების წარმომადგენლის ხედვები და სტრატეგიული მიდგომები უფრო მისაღებია ვიდრე საკუთარი კანდიდატის, რომელიც სავარაუდოდ ყველაზე ძლიერი და გამარჯვების ყველაზე მეტი შანსის მქონე კანდიდატია. ამ საქციელით ემირატების კანდიდატს საქართველომ გზა დაუთმო.
გუშინ ამ ფაქტის განხილვისას ბევრჯერ მოვისმინე ფრაზები: დემონსტრანტების მხარდაჭერა გამოთქვა? ან რამე ისეთი თქვა ქოცების საწინააღმდეგოდ?
არა ბატონებო და ქალბატონებო, მას ქოცები კი არა რუსეთი სჯის, კერძოდ ტურიზმის სფეროში ყველაზე დიდი ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოსტი საქართველომ დათმო სავარაუდოდ რუსეთის მითითების საფუძველზე, ვინაიდან სწორედ პოლოლიკაშვილის თავმჯდომარეობის დროს გარიცხეს რუსეთი ორგანიზაციიდან. ეს მოცემულობა რასაკვირველია ვარაუდია, თუმცა არსებული ფაქტების ანალიზის საფუძველზე რთულია სხვა დასკვნამდე მივიდეთ. რასაკვირველია ბევრი ვარიანტი შეიძლება მიზეზად განვიხილოთ, იქნებ თავად ბატონ ზურაბს აღარ უნდოდა მესამე ვადით კენჭისყრა, ან საქართველოს მთავრობა არ იყო კმაყოფილი როგორ იმუშავა ამ 8 წლის განმავლობაში. თუმცა თავად ბატონი ზურაბის მოკლე კომენტარმა დამატებითი ეჭვი გააჩინა.
BMG - ზე წავიკითხე - კობახიძის თქმით ელჩები დაიბარეს სხვადასხვა ქვეყნებმა და მოგვთხოვეს მესამე ვადაზე უარის თქმაო:
- ანუ დიფ სთეითი მათაც მართავთ? გადაწყვეტილებებს სხვების მითითებით იღებენ?
- მოვიკითხოთ იქნები სხვა ქვეყნების ელჩებიც დაიბარეს წინა წლებში? ეს ისე ინფორმაციისთვის:
- Robert Lonati: 1975–1985 (10 years)
- Willibald Pahr: 1986–1989 (3 years)
- Antonio Enriquez Savignac: 1990–1996 (6 years)
- Francesco Frangialli: 1997–2009 (12 years)
- Taleb Rifai: 2010–2017 (8 years)
- Zurab Pololikashvili: 2018–present
რეპუტაციული ზიანი ცალსახაა, მინდა გითხრათ კვლავ მოვახერხეთ მსოფლიოს გაოცება, ნეგატიურ ჭრილში რასაკვირველია, ამჯერად ტურიზმის სფეროში",- დაწერა ეკოტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ.




























