"ინნ ჯგუფის" სასტუმროების აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაია ამბობს, რომ გასულ წელს ტურიზმიდან რეკორდული შემოსავლების მიუხედავად, ინდუსტრიის მოგება პანდემიამდელ დონეს ვერ დაუბრუნდა.
როგორც კოკაიამ BMG-ს განუცხადა, ხარჯები ყველა მიმართულებაა გაზრდილია, ამიტომ 2019 წლის შედეგების აღსადგენად, საერთაშორისო ტურიზმთან დაკავშირებით არსებული პროგნოზების გამართლება საკმარისი არ იქნება.
„ჩემი აზრით, გაჟღერებული პროგნოზები რეალისტურია, თუმცა პოტენციალი ბევრად დიდი გვაქვს. გასათვალისწინებელი ნიუანსი, ისაა, რომ შემოსავლის მატება ვერ ეწევა ზრდას, რომელიც ხარჯებშია ყველა მიმართულებით: პროდუქტები, კომუნალურები, ხელფასებიც საგრძნობლადაა გაზრდილი. არსებული პროგნოზის პირობებში, ზრდა საკმარისად არ იქნება შემოსავალში, რომ ინდუსტრია 2019 წლის მოგებიანობას დაუბრუნდეს“, - ამბობს "ინნ ჯგუფის" დირექტორი, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის 2023 წლის შედეგების შემაჯამებელ პრეზენტაციას დაესწრო.
მისივე განმარტებით, ინდოეთი და ჩინეთი ის ბაზრებია, რომლებსაც ტურიზმის ინდუსტრიის დანაკლისის შევსება შეუძლიათ. ამ მიმართულებების გააქტიურებისთვის კი, კოკაიას თქმით, მეტი პირდაპირი ფრენა და ინდოელი ტურისტებისთვის საქართველოში შემოსვლის პრობლემის მოგვარებაა საჭირო.
„იმისთვის, რომ ინდუსტრია კვლავ მოგებიანი გახდეს, ბევრად მეტი ტურისტის მოზიდვაა საჭირო. დღეს ამაზეც იყო საუბარი, განსაკუთრებული აქცენტი სამი მიმართულებით გაკეთდა, ესაა ჩინეთი, ამერიკა და ინდოეთი. აქედან ჩინეთი და ინდოეთი ყველაზე რეალისტური ბაზრებია, საიდანაც ტურისტების სწრაფი ზრდის პოტენციალი გვაქვს, თუმცა აქაც არის გამოწვევები. უნდა დაემატოს ახალი რეისები და იმედია ეს მალე მოხდება, ასევე იმედია, უახლოეს მომავალში მოგვარდება ინდოელი ტურისტების საქართველოში შემოსვლის პრობლემაც, რაც დიდი ხანია არსებობს“,- აღნიშნავს ერეკლე კოკაია.
ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროს პროგნოზია, რომ ტურიზმისა და ავიაციის სექტორების 2023 წლის რეკორდული მაჩვენებლები წელს კიდევ უფრო გაუმჯობესდება, რაც ავიაციის სექტორში 6.8 მილიონიან მგზავრთნაკადსა და ტურიზმიდან 4.5 მილიარდი დოლარის შემოსავალში აისახება. 2023 წელს საქართველომ საერთაშორისო ტურიზმიდან რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც 2019 წლის დონეს 26.2%-ით აჭარბებს. აღსანიშნავია, რომ კვლავ ვერ აღდგა ტურისტების რაოდენობა. გასული წლის მონაცემებით, საქართველოში ტურისტული ვიზიტები 92%-ით აღდგა. შედარებით დაბალია საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების აღდგენა და 75.6%-ს შეადგენს.