მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი სახელწოდებით „უკეთესი ნამახვანისთვის“

6064a8d02dd64
BM.GE
31.03.21 21:29
704
„ჩვენ დღეს დავიწყეთ პროცესი, რომელსაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ „უკეთესი ნამახვანისთვის“. ჩვენ შევთანხმდით ინვესტორ კომპანიასთან, რომ კაშხალი არ აშენდება, ვიდრე ძირითადი კვლევების გადამოწმება არ მოხდება", - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს მიაჩნიათ, რომ კვლევები სოლიდურია და შესრულებულია კვალიფიციური ექსპერტების მიერ, სრულყოფა ყოველთვის შეიძლება.

"თუნდაც იმისთვის, რომ მოიხსნას ბევრი კითხვა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და შეიქმნას მეტი ნდობა პროექტის ირგვლივ, ჩვენ ჩავრთეთ ფართო საზოგადოება - ექსპერტები, სამეცნიერო წრეები, სამოქალაქო სექტორი, ვისაც გააჩნია კომპეტენცია და სურვილი, რომ ჩაერთოს როგორც კვლევების გადამოწმებაში, ასევე შემდგომ უშუალოდ მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ექსპერტული და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, რომლის დროსაც განხილული იყო ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახალი შესწავლის პროცესში ექსპერტების ჩართულობის საკითხი.

ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შეხვედრის მონაწილე დარგობრივ ექსპერტებთან - ენერგეტიკოსებთან, ეკოლოგებთან, სეისმოლოგებთან, ჰიდროლოგებთან და გეოლოგებთან შეთანხმდნენ, რომ დაინტერესებული ექსპერტები ორი თვის განმავლობაში იმსჯელებენ ნამახვანი ჰესის პროექტის კვლევებზე.

„ისინი თუკი გამოავლენენ რისკს, რაიმე ხარვეზს, ან გამოთქვამენ სურვილს, რომ, კვლევების რომელიღაც კომპონენტი შეიძლება იყოს გასაძლიერებელი, ჩვენ იგივე ფორმატით შევიკრიბებით, მოვისმენთ მათ რეკომენდაციებს, შევიმუშავებთ მათი გადაჭრის გზებს და წარვუდგენთ კომპანიას. ეს არის გარანტია იმისა, რომ პროექტი სრულიად უსაფრთხო იქნება. გარდა ამისა, ინფორმაცია ამ პროექტის უსაფრთხოების შესახებ ფართოდ ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის და ეს არის სწორი პროცესი,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, თუკი საზოგადოებაში, მათ შორის, ექსპერტულ წრეებში დამკვიდრდა აზრი, რომ პროექტს აქვს გარკვეული რისკები, რომელთა გამორიცხვა არ მოხდა, თუმცა შეიძლება გამოირიცხოს შემდგომში სწორი კვლევების შედეგად, ხელისუფლება ვალდებულია, ამაზე შესაბამისი პასუხი გასცეს და რეაგირება მოახდინოს.

მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე სამშენებლო ნებართვა მოსამზადებელ სამუშაოებზეა გაცემული, რომელიც ადგილზე სამშენებლო ბანაკის გამართვას და სხვადასხვა ტიპის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოიცავს.

„ეს სამუშაოები არ მოიცავს კაშხალს. თუმცა რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, მისი მოსამზადებელი სამუშაოები უნდა გაგრძელდეს. პრაქტიკულად, სამუშაოები არც შეწყვეტილა, კომპანია ადგილზეა, ტექნიკა იქ არის, მუშები იქ არიან და გაგრძელდება ნორმალურ რეჟიმში. ასევე შეგახსენებთ, რომ 28-კილომეტრიანი გზის საკმაოდ დიდ მონაკვეთს კომპანია შეაკეთებს ან ახლიდან ააშენებს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს. აქ რაიმე რისკები, რომელთაც ჩვენი ექსპერტებიც ხედავდნენ, არ არსებობს. მთავარი კითხვები იყო კაშხალთან და წყალსაცავთან დაკავშირებით და ჩვენ საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვისმინოთ რეკომენდაციები და გამოსწორების მითითებები მივცეთ კომპანიას და უკვე ამის საფუძველზე გაიცეს ნებართვა კონკრეტულ ნაგებობაზე“, - განმარტა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები