მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: "ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს"

601047e324671
BM.GE
26.01.21 23:00
1940
დღევანდელი საკმაოდ ხანგრძლივი შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, კიდევ ერთხელ გაგვეცნო ტურისტული ინდუსტრიისთვის, რესტორნებისთვის და ზამთრის კურორტების წარმომადგენლებისთვის, თუ რა ლოგიკით მიიღება საკოორდინაციო საბჭოზე საბოლოო გადაწყვეტილებები ბიზნესის შეზღუდვების მოხსნის გრაფიკთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ გუნდს, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ღირებულია, რომ შეხვედრას, რომელიც სამ საათზე მეტხანს გარძელდა, ეკონომიკურ გუნდთან ერთად ამირან გამყრელიძე და ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ესწრებოდნენ, რომელთაც ბიზნესის შეზღუდვების გახსნისთვის საჭირო კონკრეტული კრიტერიუმები დაასახელეს და ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ეგრეთ წოდებული, დადებითობის მაჩვენებელია.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს კრიტერიუმი ბიზნესისთვის გამჭვირვალე და გასაგებია. ასევე საუბარი შეეხო უკვე არსებულ შემსუბუქებას, მაგალითად აჭარაში, სადაც 1-ლი თებერვლიდან სარესტორნო ღია სივრცეები იწყებს ფუნქციონირებას, იხსნება სკოლები.

„ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით არასასურსათო ვაჭრობის საცალო ქსელები იხსნება, ცოტა ხანში გაიხსნება ღია და დახურული ტიპის ბაზრობები და ესაა საკმაოდ თამამი პირველი ნაბიჯები. ამასთან, როგორც ცნობილია, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ვაქცინაცია ტემპს იკრებს, ჯერ კიდევ არ არის დაძლეული პანდემია და პერიოდულად სხვადასხვა ევროპული და არა მარტო ევროპული ქვეყანა, შეზღუდვების დაწესებას მიმართავს. ამიტომ გარანტია ჯერჯერობით არ არსებობს და ჩვენ მივდივართ ძალიან ფრთხილი ნაბიჯებით. რაც მთავარია, ლოგიკა ავუხსენით ბიზნესებს და გვესმის, რომ ეს ლოგიკა კი არის გასაგები, მაგრამ შეიძლება კონკრეტულ საოჯახო სასტუმროს ბევრს არაფერს აძლევს, რადგან მართლაც ძალიან გასაჭირში არიან, სეზონი პრაქტიკულად იკარგება, თუმცა ისიც ხომ გასაგებია, რომ მათი დაკეტვა და უახლოეს პერიოდში არგახსნა ჩვენი ნება-სურვილი არაა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, არის მიდგომა, რომ გადაწყვეტილება არა მთელი ქვეყნის მასშტაბით იქნას მიღებული, არამედ რეგიონ-რეგიონ მოხდება სიარული, ყოველი კვირის თავზე დადებითობის მაჩვენებლის მონიტორინგი და აქედან გამომდინარე შესაძლებელი იქნება ეტაპობრივად სხვა დარგების გახსნის დამატება.

„ეკონომიკა მთლიანობაში გახსნილი გვაქვს, არ შეგვიზღუდავს არც მრეწველობა, არც სასურსათო ვაჭრობა, არც სოფლის მეურნეობა, არც მომპოვებელი და გადამამუშავებელი მრეწველობა, მაგრამ საუბარია იმ სფეროებზე, რომლებიც მსოფლიოში მაღალი რისკის მატარებლად არიან მიჩნეული და იმათაც ეხლა ვხსნით“, - აღნიშნა ნათია თურნავამ ბიზნესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისივე თქმით, ასევე დადებითია ის ფაქტი, რომ 1-ლი თებერვლიდან იხსნება ფრენები და საერთოდ უქმდება ნებისმიერი შეზღუდვა რეგულარულ ფრენებზე.

„მიმდინარე კვირაში რამდენიმე შეხვედრაა დაგეგმილი, მათ შორის ტუროპერატორებთან, თუ როგორ ვიმუშაოთ ვაქცინირებულ ტურისტებზე, რადგან ჩვენს რეგიონში ძალიან ბევრი ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციაგავლილ ადამიანებს საქართველოში ჩამოსვლა უნდათ და ჩვენ ამაშიც დავეხმარებით“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები