მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურნავა: „საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონალური ციფრული ჰაბი“

5f927d0d995e6
ვიქტორია მღებრიშვილი
23.10.20 20:20
1033
„საქართველოს აქვს პოტენციალი გახდეს რეგიონალური ციფრული ჰაბი“, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ მაღალი დონის დისკუსიაში მონაწილეობისას განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიებაზე თურნავამ აღნიშნა, რომ მთავრობა განიხილავს ციფრული დერეფნისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრების განვითარებაში ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობას, რომელიც მხოლოდ სამხრეთ კავკასიის რეგიონს არ მოემსახურება.

ნათია თურნავამ ქვეყანაში ციფრული ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე გაამახვილა ყურადღება. მინისტრმა ისაუბრა მთავრობის გადაწყვეტილებაზე, რომლიც კომპანიებს საშუალებას აძლევს, მიიღონ „საერთაშორისო კომპანიის" სტატუსი, ხოლო საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში სამუშაოდ კომფორტულ პლატფორმას უქმნის. საინფორმაციო ტექნოლოგიების ინდუსტრია ერთ-ერთია, სადაც მომუშავე კომპანიებს ეს შეღავათი ეხება. მინისტრის შეფასებით, შეღავათები ადგილობრივ კომპანიებს განვითარებისა და გაფართოების სტიმულს გაუჩენს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების გაჩენას. მისი თქმით, ამით იქმნება დამატებითი შესაძლებლობა, საქართველოში საქმიანობით დაინტერესდნენ მსხვილი საერთაშორისო კომპანიები და ქვეყანამ როგორც საკანონმდებლო, ისე საგადასახადო ბაზით სხვა მსხვილ მსოფლიო ფინანსურ ჰაბებს კონკურენცია გაუწიოს.

უწყების ცნობით, კიდევ ერთი ინიციატივა, რომელზეც ნათია თურნავამ აქცენტი გააკეთა, საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროგრამაა და პროექტი „Log in Georgia“-ა, რომელიც საქართველოს მთავრობამ მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მოამზადა. პროექტი უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას.

„ხარისხიანი და უწყვეტი ინტერნეტკავშირის საჭიროება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა COVID-19-ის პანდემიის პირობებში, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი მუშაობის ციფრულ პლატფორმებზე გადავიდა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, „Log in Georgia“-ს პროექტის ფარგლებში, მოსახლეობის ინტერნეტთან წვდომის გაუმჯობესებაზე მიმართულია სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის - საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამის მხარდაჭერა.

ნათია თურნავამ ასევე დეტალურად ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის განვითარებისთვის. მინისტრმა ისაუბრა ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის (GENIE) პროექტზეც, რომელიც მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით მიმდინარეობს და მის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე. მათ შორის, სტარტაპების მხარდაჭერისა და მათი საერთაშორისო ბაზრებზე გასვლის ხელშეწყობის მიმართულებით.

დისკუსიაში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტები ანა ბიერდე და მახტარ დიოპი, აგრეთვე რეგიონის ქვეყნების საჯარო და კერძო სექტორების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ. დისკუსიისას აღინიშნა, რომ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, მსოფლიოს სხვა რეგიონების მსგავსად, კოვიდ-19-ის პანდემიამ ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის დაჩქარებას შეუწყო ხელი. ამავე დროს, გამოიკვეთა ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს რეგიონის ქვეყნებში ციფრული ტექნოლოგიების განვითარების მიმართულებით და დღის წესრიგში დააყენა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერის მიზნით დამატებითი ინვესტიციის განხორციელების აუცილებლობა, რათა ქვეყნებმა არა მხოლოდ წარმატებით შეძლონ პანდემიასთან ბრძოლა, არამედ შეუფერხებლად განაგრძონ მდგრადი განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები