მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის მოსაკრებელს 15%-ით ზრდის

თურქეთი

2026 წლის 1-ელი ივლისიდან თურქეთი ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში გემების გავლის სატრანზიტო მოსაკრებელს ერთ ტონაზე 6.7 დოლარამდე ზრდის - ამის შესახებ "ტრანსპორტის სტრატეგიების ცენტრი" (CTS) თურქეთის საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატის წერილზე დაყრდნობით იუწყება.

ახალი ტარიფები იმ გემებს შეეხებათ, რომლებიც მხოლოდ ტრანზიტით სარგებლობენ და თურქეთის პორტებში არ შედიან. ეს ტარიფები ძალაში 2027 წლის 30 ივნისამდე დარჩება.

ზრდა დაახლოებით 14.9%-ს შეადგენს, რაც თანხვედრაშია კანონმდებლობით განსაზღვრულ წლიურ 15%-იან ინდექსაციასთან.

ცნობისთვის, 1983 წლიდან 2022 წლამდე სრუტეებში გავლის მოსაკრებელი უცვლელი რჩებოდა და ერთ ტონაზე 0.80 დოლარს შეადგენდა. თუმცა, თურქეთის პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, 2022 წლიდან მოსაკრებელი ყოველწლიურად 1-ელ ივლისს ახლდება.

ბოლო წლებში მოსაკრებლის განაკვეთი შემდეგნაირად იცვლებოდა:

  • 2022–2023 - $4.08
  • 2023–2024 - $4.42
  • 2024–2025 - $5.07
  • 2025–2026 - $5.83
  • 2026 წლის 1-ლი ივლისიდან - $6.7

საზღვაო საქმეთა გენერალური დირექტორატის ახალი მონაცემების თანახმად, 2025 წელს თურქეთის საწყლოსნო გზებზე გემების ტრაფიკმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. გასულ წელს ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში სულ 84 640-მა გემმა გაიარა, რომლებმაც ჯამში 1.58 მილიარდი ტონა ტვირთი გადაიტანეს. მთლიანი ტრანზიტიდან 40 172-მა გემმა ბოსფორის, ხოლო 44 468-მა დარდანელის სრუტე გაიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები