წლის I კვარტალში საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ჩადებული $200 მილიონიან FDI-ში თურქულ ინვესტიციებზე ყველაზე დიდი წილი უკავია. იანვარ-მარტის განმავლობაში მეზობელი სახელმწიფოდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 42.4 მლნ დოლარი ჩაიდო, რაც ჯამური ინვესტიციის მეხუთედია. ამგვარად, თურქეთი ინვესტორი სახელმწიფოების რეიტინგში პირველ ადგილზე.
BM.GE-მ საქსტატიდან გამოითხოვა ინფორმაცია ეკონომიკის სექტორებისა და იმ კომპანიების შესახებ, სადაც ამ პერიოდის განმავლობაში თურქეთიდან ინვესტიციები ჩაიდო.
ეკონომიკის სექტორებს თუ შევხედავთ, ოფიციალური ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ამ პერიოდში ყველაზე დიდი თანხები ტრანსპორტისა და დასაწყობების მიმართულებით ჩაიდო. TOP-5 სექტორის რეიტინგი კი ჩადებული თურქული ინვესტიციის მიხედვით, ასე გამოიყურება:
- ტრანსპორტი და დასაწყობება - $12.8 მლნ;
- დამმუშავებელი მრეწველობა - $10.9 მლნ;
- ენერგეტიკა - $4.5 მლნ;
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - $3.8 მლნ;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - $2.3 მლნ.
გარდა ამ სექტორებისა თურქეთიდან $1 მლნ-ზე მეტი ინვესტიციები მშენებლობაში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში, ასევე ხელოვნებასა და გართობა-დასვენებაში, პროფესიულ, სამეცნიერო და ტექნიკურ საქმიანობებში განხორციელდა, ხოლო მცირე - მილიონ დოლარამდე თანხები სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების, და ასევე ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების მიმართულებით ჩაიდო.
რაც შეეხება კომპანიებს, სადაც თურქეთიდან ინვესტიციები განხორციელდა, TOP-5 კომპანიის რეიტინგი ასეთია:
- შპს ტექნოჰაუს;
- შპს ტავ ურბან საქართველო;
- შპს აჭარ ენერჯი -2007;
- შპს აჭარა ტექსტილე;
- შპს ქართლი ტექსტილე.
აქედან, ბოლო ორი კომპანია ტექსტილის მწარმოებელი კომპანიების მმართველია, ერთი - აჭარ ენერჯი-2007 ენერგეტიკის მიმართულებით ოპერირებს, ერთიც - ტექნოჰაუსი საბითუმო და საცალო სექტორში, ხოლო „ტავ ურბან საქართველო“ ქვეყნის ორი საერთაშორისო აეროპორტის მმართველია.
შენიშვნა: საწარმოები არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით