მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთიდან აშშ-ში 15 000 ტონა კვერცხი გაიგზავნება - მიზეზი ფრინველის გრიპია

ეწსპორტი

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ატლანტის ოკეანის გასწვრივ ფრინველის გრიპის გავრცელების გამო თურქეთმა აშშ-ში კვერცხის აქტიური გადაზიდვა დაიწყო.

კერძოდ, Reuters-ის თანახმად, ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმებით, თურქეთიდან შეერთებულ შტატებში 15 000 ტონა კვერცხის, ანუ, დაახლოებით, 700 კონტეინერის ექსპორტი განხორციელდება.

როგორც თურქეთის კვერცხის მწარმოებელთა ცენტრალური კავშირის თავმჯდომარე, იბრაჰიმ აფიონი მედიასთან აცხადებს, პროდუქტის ექსპორტს გაერთიანების წევრი კომპანიები განახორციელებენ, პროცესს მონიტორინგს კი ორი კომპანია გაუწევს.

პირველი პარტია თებერვალში უკვე გაიგზავნა, სრული მოცულობების გაგზავნა კი ივლისის თვემდე ეტაპობრივად იგეგმება.

აფიონის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის გაფორმებული შეთანხმება თურქეთს ექსპორტიდან $16 მილიონიან შემოსავალს მოუტანს.

აშშ-ში ამჟამად H5N1 ტიპის ფრინველის გრიპს ებრძვიან, რასაც სერიოზული გავლენა აქვს ადგილობრივი კვერცხის წარმოებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ფრინველის გრიპი შტატებში რამდენიმე წელია აქტიურია, კვერცხისა და რძის მწარმოებელ ინდუსტრიაზე გავლენა მხოლოდ ახლა მოახდინა.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, H5N1 საზოგადოებისთვის ჯერჯერობით საშიში არ არის. ვირუსს ქვეყანაში ერთი ადამიანი ემსხვერპლა. დაავადების გავრცელების თავიდან ასაცილებლად ფერმერები საკუთარ ქათმებს კლავენ, რის გამოც სუპერმარკეტებში კვერცხის დეფიციტია, პროდუქტზე ფასები კი მზარდი: 2024 წელს კვერცხის ფასი 65%-ით გაიზარდა, მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარში კი - 15%-ით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები