მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთის ბაზრის გახსნა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი"

61e555607cafc
სალომე მეცხვარიშვილი
17.01.22 19:20
970
თურქეთის ბაზრის გახსნა მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას გაზრდის - ამის შესახებ “საქმის კურსს” “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ გამყრელიძემ განუცხადა. ასე გამოეხმურა ის პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი ოფიციალურად გაიხსნა და ქვეყანაში იაფი მედიკამენტების შემოტანა დაიწყება.

ნიკა გამყრელიძე ამბობს, რომ თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტები აუცილებლად გამოჩნდება “ჯიპისისა” და “ფარმადეპოს” აფთიაქებში, თუმცა კონკრეტული ვადები უცნობია.

მისი განმარტებით, პრემიერის ინიციატივის ფარგლებში არ იგულისხმება მხოლოდ თურქეთში წარმოებული მედიკამენტები, არამედ საუბარია საერთაშორისო კომპანიების მიერ თურქული ბაზრისთვის მიწოდებულ პროდუქციაზეც, რომელიც მეზობელ ქვეყანას სპეციალური შეთანხმების ფარგლებში აწვდიან. ნიკა გამყრელიძის ინფორმაციით, ამ პირობებით უკვე საქართველოც ისარგებლებს.

წლების განმავლობაში საქართველოში თურქული მედიკამენტების შემოტანა დაშვებული არ იყო. სპეციალისტების ნაწილი აცხადებს, რომ თავის დროზე არსებობდა კითხვები მეზობელ ქვეყანაში წარმოებული წამლების ხარისხთან დაკავშირებით, თუმცა ნიკა გამყრელიძე დღეს ამბობს, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილია.

“საქართველოში კანონი პარალელური იმპორტის შესახებ მიღებულა 2009 წელს, მაგ დროს შეიძლება ყოფილიყო თურქეთის ბაზართან დაკავშირებით გარკვეული კითხვები, თუმცა მას შემდეგ გავიდა მთელი დეკადა და თურქული  ქარხნები დღეს საკმაოდ მაღალტექნოლოგიურია. ამასთან, როგორც გითხარით, საუბარია არამხოლოდ თურქეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, არამედ ისეთი ბრენდების წამლებზე, როგორებიცაა ფაიზერი, ასტრა-ზენეკა და ა.შ.”,- აცხადებს ნიკა გამყრელიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები