საფონდო ბაზარზე გამოვლენილი $20-მილიარდიანი თაღლითობის სკანდალის ფონზე, საბანკო რეგულირებისა და ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა შაჰაპ ქავჯიოღლუმ ოთხშაბათს თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა.
გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ სააგენტოსთვის დამატებითი ზიანის თავიდან ასაცილებლად, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს უფლებამოსილების შეწყვეტის თხოვნით მიმართა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში თავად ქავჯიოღლუ ეჭვმიტანილად ოფიციალურად არ დასახელებულა, თუმცა ამ კვირაში სააგენტოს სამი მაღალჩინოსანი დააკავეს. დაკავებულთა შორის არიან ქავჯიოღლუს მოადგილე და ორი დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელთაგან ერთ-ერთს ქრთამის აღების ბრალდებით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
მანამდე ქავჯიოღლუმ ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ საბანკო რეგულატორს ფონდების საქმესთან საერთო არაფერი აქვს და რომ ის თურქეთის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ინსტიტუტია.
ინფორმაციისთვის, სექტემბრის შუა რიცხვებში დაწყებული ე.წ. "ფონზის" კრიზისი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აქციების ფასის საეჭვო ზრდის ფონზე, რამდენიმე მსხვილმა აქტივების მმართველმა ინვესტორთა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა. შედეგად, მარეგულირებლებმა 131 საინვესტიციო ფონდის ლიკვიდაციის გადაწყვეტილება მიიღეს.
პიკურ პერიოდში ამ ფონდების აქტივების ღირებულება დაახლოებით $20 მილიარდს აღწევდა, პროცესმა კი 455,000-ზე მეტი ინვესტორი დააზარალა.
ცნობისთვის, საბანკო რეგულატორის ხელმძღვანელობამდე შაჰაპ ქავჯიოღლუ თურქეთის ცენტრალურ ბანკს მართავდა და მზარდი ინფლაციის მიუხედავად, პრეზიდენტ ერდოღანის არაორთოდოქსული პოლიტიკის ფარგლებში, საპროცენტო განაკვეთებს ამცირებდა. მისი მმართველობის პერიოდში ქვეყანაში წლიურმა ინფლაციამ 85%-ს გადააჭარბა, თურქული ლირა კი მკვეთრად გაუფასურდა.
























