მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქეთმა ბოსფორის და დარდანელის სრუტეებში სატვირთო გემების გატარება დაიწყო

6398505f16f34
გიორგი თოლორდავა
13.12.22 14:32
1729
თურქეთმა ბოსფორისა და დარდანელის სრუტეებში შეფერხებული სატვირთო გემებისა და ტანკერების გატარება დაიწყო.

მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, ის გემები, რომელთაც არ აქვთ დაზღვევა და ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია, თურქეთის სრუტეებით ვერ ისარგებლებენ. ზემოხსენებული რეგულაცია პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა, რამაც გადაზიდვის პროცესის შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნული რეგულაცია სატვირთო გემებსა და ტანკერებს ავალდებულებს, წარმოადგინონ საერთაშორისო დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. თავად ეს პროცესი მოითხოვს მონაცემების გადამოწმებას, ბაზაში ატვირთვას და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას, რაც, თავის მხრივ, დროში გაწელილი პროცესია და ბოსფორისა თუ დარდანელის სრუტეებში სატვირთო გემებისა და ტანკერების საცობებს იწვევს.

Bloomberg-ის ინფორმაციით, თურქეთმა მონაცემების გადამოწმების ახალი მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ვერიფიკაციის პროცედურას მნიშვნელოვნად აჩქარებს, სწორედ ამის წყალობით ბოლო ორი დღეა სრუტეებში გემებისა და ტანკერების გატარების სიხშირემ მოიმატა.

ევროკავშირი და აშშ თურქეთს მოუწოდებენ, გაუქმდეს აღნიშნული რეგულაცია და საზღვაო ტრანზიტის გატარება ჩვეული რეჟიმით აღდგეს, თუმცა თურქეთის მთავრობა ამტკიცებს, რომ შემოწმების პროცედურის გარეშე, იზრდება იმის რისკი, რომ EU-სა და G7-ის სანქციების გვერდის ასავლელად რუსეთმა ძველი, ჩამოწერილი ტანკერები გამოიყენოს და ნავთობის ექსპორტზე გატანა ამ გზით დაიწყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები