თურქეთში ელექტროენერგიაზე ფასი მაისთან შედარებით კიდევ შემცირდა. დღით ადრე ბაზარზე - მაისის ელექტროენერგიის ფასი თუ იყო 6.4 ცენტი კვტ.სთ, ივნისის თვის საშუალო შეწონილი ფასი 5.7 ცენტამდეა შემცირებული.
ასევე თითქმის 1%-ით არის შემცირებული მოხმარება. თურქეთის ბაზარი და იქ არსებული ფასი საქართველოში წარმოებული ელექტროენერგიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ქვეყანაში წარმოებული დენის 80%-ზე მეტი თურქეთში იყიდება. წელს ექსპორტი მაისში დაიწყო და თურქეთში 172 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია გაიყიდა.
მაისის მდგომარეობით ჯამში 201 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიაა გაყიდული, თურქეთის გარდა მცირე მოცულობები სომხეთსა და აზერბაიჯანშიც გავყიდეთ. წელს ელექტროენერგიის ექსპორტიდან ქვეყანამ 9.1 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.