თურქეთის საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი უწყების (BTK) ინფორმაციით, ქვეყანაში სოციალური ქსელი Instagram-ი დაიბლოკა.
“instagram.com გაუქმებულია გადაწყვეტილებით, რომელიც თარიღდება 02/08/2024-ით”, - ნათქვამია უწყების ვებგვერდზე, მიზეზები კი განმარტებული არ არის. Instagram-ის თურქი მომხმარებლები აპლიკაციაში გაჩენილი ხარვეზების შესახებ უკვე წერენ.
საქმე ისაა, რომ, რამდენიმე დღით ადრე, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ხელმძღვანელმა, ფაჰრეტინ ალთუნმა Instagram-ი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პლატფორმა ხალხს ჰამასის ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის შემდეგ, სამძიმრის პოსტების გამოქვეყნების საშუალებას არ აძლევდა. ისმაილ ჰანიე კი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ახლო მოკავშირედ ითვლებოდა, ვიდრე ის თეირანში, ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპებოდა. ალთუნმა სამძიმრის აკრძალვას Meta-ს მიერ თურქი მომხმარებლის ცენზურის მცდელობა უწოდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 85-მილიონიანი მოსახლეობიდან, თურქეთში Instagram-ით 50 მილიონი ადამიანი სარგებლობა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც თურქეთში სოციალური ქსელი ან ვებსაიტი დაიბლოკა. მაგალითად, 2017-2020 წლებში თურქეთში აკრძალული იყო Wikipedia, ვებგვერდზე გამოქვეყნებული ორი სტატიის გამო, რომელშიც პრეზიდენტისა და ექსტრემისტული დაჯგუფებების სავარაუდო კავშირებზე იყო საუბარი.