თურქეთი გლობალურად სამედიცინო ტურიზმის კუთხით მსოფლიო TOP-10 ქვეყანას შორისაა, - ამის შესახებ, თურქული მედიის ცნობით, თურქული ტურისტული სააგენტოების ასოციაცია აცხადებს.
ასოციაციის წარმომადგენლის, ელიფ ურალის თქმით, მსოფლიოს რეიტინგში ჯანდაცვის ტურიზმის კუთხით ათეულში ისეთი ქვეყნები მოიაზრებიან, როგორიცაა მექსიკა, ინდოეთი, ტაილანდი, ბრაზილია, სინგაპური და მათთან ერთად თურქეთიც.
მისივე თქმით, თურქეთში სწრაფად იზრდება კლინიკების, სამედიცინო ცენტრების, ექიმებისა და იმ ტურისტული სააგენტოების რაოდენობაც, რომლებიც სამედიცინო ტურიზმის ზრდაში და შესაბამისი მომსახურების გაწევაში მონაწილეობენ. როგორც თურქული ტურისტული სააგენტოების ასოციაციის წარმომადგენელი ამბობს, სამედიცინო ტურიზმის გაძლიერების კუთხით, ჯანდაცვის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომპანია USHAŞ-იც აქტიურად მუშაობს. აღნიშნული სახელმწიფო კომპანია აქცენტს 29 ქვეყანაზე აკეთებს, საიდანაც თურქეთი სამედიცინო ტურისტებს მოიზიდავს, მათ შორის არის საქართველოც. ასევე ყაზახეთი, ყირგიზეთი, ბულგარეთი, სერბეთი, რუმინეთი, ბრიტანეთი და გერმანიაც კი.
თურქული მედიის ცნობით, ბოლო წლების განმავლობაში სამედიცინო ტურიზმიდან ქვეყნის შემოსავლები მზარდია. კერძოდ, თურქეთის სტატისტიკის სამსახურის ცნობით, თუ 2019 წელს შემოსავლები ამ კუთხით 1.49 მლრდ დოლარი იყო, 2023 წელს, 2.3 მლრდ დოლარს მიაღწია.