თურქეთმა შეტყობინებების პლატფორმა Discord-ზე წვდომა დაბლოკა. როგორც Reuters-ი იტყობინება, სასამართლო გადაწყვეტილების მიზეზი Discord-ის მიერ ანკარასთვის მოთხოვნილი ინფორმაციის არგაზიარება გახდა.
სოციალური ქსელის აკრძალვის შესახებ ინფორმაცია თურქეთის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კომუნიკაციების კომისიამ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა. ქვეყნის იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ Discord-ის აკრძალვის საფუძველი გახდა "საფუძვლიანი ეჭვი", რომ პლატფორმას ზოგიერთი მომხმარებელი არაკეთილსინდისიერი მიზნით, მათ შორის არასრულწლოვნებზე სექსუალური ძალადობისთვის იყენებს.
მარეგულირებლის ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ ამოქმედდა, რაც თურქეთში ორი 19 წლის ქალი ფემიციდის მსხვერპლი გახდა - სოციალურ ქსელებში გავრცელებული მასალიდან ჩანდა, რომ Discord-ის მომხმარებლები მკვლელობაში ბრალდებულს აქებდნენ.
ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ Discord-ის შინაგანაწესი სამართალდამცავი უწყებებისთვის არალეგალური კონტენტის მონიტორინგის და დანაშაულის აღკვეთის საშუალებას არ იძლევა.
გუშინ, 8 ოქტომბერს, Discord-ი კომუნიკაციების კომისიამ რუსეთშიც დაბლოკა - მიზეზი კანონმდებლობის დარღვევაა. Tass-ის ინფორმაციით, კომპანიამ თავის პლატფორმაზე გავრცელებული აკრძალული მასალები არ წაშალა.