2024 წელს საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორი კვლავ თურქეთია. გასულ წელს მეზობელ ქვეყანაზე საქართველოს სავაჭრო ბრუნვის 13.8% მოდიოდა და ვაჭრობის ისტორიაში პირველად, საქართველო-თურქეთის ექსპორტ-იმპორტი 3 მილიარდ 228 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. უმსხვილესი ქვეყნების ათეულსაც სწორედ თურქეთი ხსნის.
2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8%-ით 23 მილიარდ 435 მილიონი დოლარამდე გაიზარდა. აქედან ექსპორტი 6 მილიარდ 560 მილიონ დოლარს შეადგენს (გაიზარდა 7.8%-ით), ხოლო იმპორტი 16 მილიარდ 875 მილიონ დოლარს (გაიზარდა 8.1%-ით). 2024 წელს ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.9% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (3 მილიარდ 228 მილიონ დოლარი), რუსეთი (2 მილიარდ 531 მილიონი დოლარი) და აშშ (2 მილიარდ 188 მილიონ დოლარი).
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წელს თურქეთთან ვაჭრობის მაჩვენებელი 8.3%-ით გაიზარდა.
საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვაში ექსპორტს მცირე - 14.2%-იანი წილი უკავია, რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანა თურქეთში უფრო მეტ საქონელს ყიდულობს, ვიდრე ყიდის. ანუ თურქეთთან სავაჭრო სალდო უარყოფითია.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს საქართველომ თურქეთში საქონლის გაყიდვით ჯამში 458 მილიონ 378 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. გასული წლის განმავლობაში, საქართველოდან თურქეთში საქონლის ექსპორტი წლიურად 12%-ით გაიზარდა. ამგვარად მეზობელმა სახელმწიფომ უმსხვილესი ექსპორტიორი ქვეყნების რეიტინგში 7%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.
ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში პირველ ადგილს ადგილობრივი წარმოების ფეროშენადნობები იკავებს, რომლის რეალიზება თურქეთში გასული წლის განმავლობაში 277%-ით გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ მიმართულებით ექსპორტის ზრდის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ფეროშენადნობების გაყიდვების ზრდაა.
TOP-5 ექსპორტირებული საქონლის რეიტინგი კი ასეთია:
- ფეროშენადნობები - $144.5 მილიონი, 129 144 ტონა;
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $62.4 მილიონი, 1 459 ტონა;
- ელექტროენერგია - $40.2 მილიონი; კლება - 53.3%;
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი, მანქანით ან ხელით ნაქსოვი - $32.3 მლნ, 1 129 ტონა; კლება - 10.6%;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი - $14.9 მლნ, 7 197 ტონა;
დანარჩენი საქონელი 163 მილიონ 882 ათასი დოლარი. კლება - 8.9%.
ქვეყნების სავაჭრო ურთიერთობებში დიდი წილი იმპორტს უკავია. გასულ წელს საქართველომ თურქეთიდან 2 მილიარდ 770 ათასი დოლარის იყიდა. წლიურად ეს რიცხვი 7.6%-ით გაიზარდა და თურქეთმა მთლიან იმპორტში 16.4%-იანი წილი დაიკავა. მეზობელ თურქეთთან საიმპორტო საქონლის ჩამონათვალი მრავალფეროვანია. სტატისტიკიდან ირკვევა, რომ თურქეთი საქართველოსთვის მედიკამენტების უმსხვილესი მომწოდებელია. 2024 წელს თურქეთიდან საქართველოში იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $169.7 მილიონი, 4 782 ტონა; ზრდა - 10.9%;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $77.1 მილიონი 75 868 ტონა; ზრდა - 69.7%;
- შავი ლითონების მეტალოკონსტრუქციები და მათი ნაწილები - $71.4 მლნ, 33 421 ტონა; ზრდა - 12.5%;
- შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - $66.5 მლნ, 79 219 ტონა; ზრდა - 51.3%;
- მსუბუქი ავტომობილები - $64.2 მლნ, 1 408 ცალი; კლება - 24.6%;
დანარჩენი საქონელი სულ 2 მილიარდ 320 მილიონი დოლარი.




























