საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა შემცირდა, რაც ოფიციალურ სტატისტიკას თუ დავეყრდნობით ექსპორტის შემცირებით იყო განპირობებული.
იანვარ-ივნისში ქვეყნებს შორის იმპორტ-ექსპორტის მაჩვენებელი 21%-ით 1 მილიარდ 211 მილიონ დოლარამდე შემცირდა. პანდემიური 2020 წლის შემდეგ სავაჭრო ბრუნვა, წლის ამ პერიოდისთვის პირველად შემცირდა. კლების მიუხედავად თურქეთი საქართველოსთვის მთავარი სავაჭრო პარტნიორია და ქვეყნების რეიტინგში 12.3%-იანი წილით პირველ ადგილს იკავებს.
საქართველო-თურქეთის ვაჭრობის სალდო უარყოფითია და იმპორტი ურთიერთობებში წამყვან ადგილს იკავებს.
იანვარ-ივნისში საქართველომ თურქეთიდან 1 მილიარდ 294 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2024 წლის ანალოგიური პერიოდის იმპორტს მცირედ - 0.3%-ით აღემატება. მთლიან იმპორტში თურქეთს 14.9%-იანი წილი უკავია. 2025 წლის პირველ ნახევარში თურქეთიდან იმპორტირებული უმსხვილესი პროდუქტის დაფასოებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი შემცირებულია, ხოლო უმსხვილეს საიმპორტო საქონლის ჩამონათვალში კი ისეთი პროდუქტიც მოხვდა, როგორიცაა ნახშირბადიანი ფოლადის წნელები, რომლის იმპორტიც გასულ წელს მინიმალური იყო.
იმპორტირებული საქონლის TOP-5-ეული ასეთია:
- სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - $79.4 მლნ, 2 243 ტონა;
- მსუბუქი ავტომობილები - $57.4 მლნ, 1 204 ცალი;
- ნახშირბადიანი ფოლადის წნელები - $42.5 მლნ, 72 380 ტონა;
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $34.1 მლნ, 36 860 ტონა;
- შავი ლითონების მილები, მილაკები - $29.6 მლნ, 38 210 ტონა.
რაც შეეხება ექსპორტს, რომლის მაჩვენებელი ქვეყნების სავაჭრო ბრუნბაში მცირეა, წლის პირველ 6 თვეში საქართველოდან თურქეთში საქონლის გაყიდვები 29.6%-ით 169 მილიონ 822 ათას დოლარამდე შემცირდა და ექსპორტში 5.3%-იანი წილით თურქეთმა მეშვიდე ადგილი დაიკავა.
თურქეთში ექსპორტის კლება ადგილობრივად წარმოებული პროდუქტის გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. წელს მნიშვნელოვნად იკლო ელექტროენერგიის, ფეროშენადნობებისა და ტრიკოტაჟის ნაწარმის გადაზიდვებმა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული კი ასეთია:
- მაისურები და სხვა ტრიკოტაჟის ნაწარმი - $40.7 მლნ, 874 ტონა;
- ელექტროენერგია - $15.8 მლნ;
- ფეროშენადნობები - $13.5 მლნ, 12 538 ტონა;
- ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - $10.9 მლნ, 363 ტონა;
- სპილენძის ნარჩენები და ჯართი - $10.6 მლნ, 1 290 ტონა.




























