მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თურქული ლირა რეკორდულად გაუფასურდა - მიზეზები

63a9923d9695c
გიორგი თოლორდავა
26.12.22 16:42
1995
საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირის გაუფასურების უაღრესად მკვეთრი ტენდენცია ფიქსირდება - ამჟამად ერთი აშშ დოლარის სანაცვლოდ 18.7 ლირის შეძენაა შესაძლებელი, რაც თურქული ეროვნული ვალუტის გაუფასურების რეკორდული მაჩვენებელია.

ერთწლიან ჭრილში ლირა დოლართან მიმართებით 43%-ით გაუფასურდა, ორწლიან პერიოდში კი ვარდნის მაჩვენებელი 60%-ს აღწევს, რაც ლირას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგის მქონე ვალუტად აქცევს.

უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებული დაღმასვლის მკვეთრი ტენდენცია პირდაპირ კავშირშია მთავრობის მიერ მიღებულ მორიგ არაორდინალურ გადაწყვეტილებასთან, კერძოდ, გასული კვირის ბოლოს პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ 2023 წლიდან ქვეყნის მასშტაბით მინიმალური ხელფასი 55%-ით გაიზრდებოდა.

ერდოღანის განმარტებით, მინიმალური ხელფასი, რომელსაც მოსახლეობის თითქმის 30% იღებს, 8,500 ლირა გახდებოდა, რაც ამჟამინდელი გაცვლითი კურსით 455 დოლარის ეკვივალენტია.

ექსპერტების შეფასებით, ერდოღანის გადაწყვეტილება 2023 წლის ივნისში დაგეგმილ არჩევნებს უკავშირდება, რადგან მინიმალური ხელფასის ზრდა იმ პოპულისტურ ქმედებათა შორისაა, რომელსაც თურქეთის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უჭერს მხარს.

ბუნებრივია, აღნიშნულ სიახლეს ინვესტორები და ტრეიდერები ნეგატიურად იღებენ, რადგან ის ხელს უწყობს ინფლაციური წნეხის ზრდას და ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში ინფლაციის დონე 85%-იან ნიშნულზეა, რაც 25 წლის რეკორდია, თუმცა ეკონომისტთა ნაწილი არ იზიარებს სტატისტიკის სამსახურის მიერ გასაჯაროებულ მონაცემებს და მიიჩნევს, რომ რეალური ინფლაცია ქვეყანაში 180-200%-ს აღწევს.

ზოგადად, რეკორდული ინფლაცია თურქეთის ცენტრალური ბანკის არატრადიციული მონეტარული პოლიტიკითაა განპირობებული, რომელიც სამომხმარებლო ფასების ზრდის მიუხედავად რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას ითვალისწინებს. პრეზიდენტი ერდოღანი მიიჩნევს, რომ განაკვეთი მინიმუმამდე უნდა შემცირდეს, რასაც მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები არ იზიარებენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები