საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე თურქული ლირა ახალ ანტირეკორდს ამყარებს - დღეს მეზობელი სახელმწიფოს ეროვნული ვალუტა დამატებით გაუფასურდა და 1 ამერიკული დოლარის კურსმა 42 ლირას გადააჭარბა.
ერთწლიან პერიოდში ლირა თითქმის 18%-ითაა გაუფასურებული და ძირითად ვალუტებს შორის მას ყველაზე ცუდი შედეგი აქვს.
ლირის ბოლოდროინდელი გაუფასურება პირდაპირ კავშირშია ცენტრალური ბანკის განცხადებასთან, რომელმაც მიანიშნა, რომ უახლოეს მომავალში მონეტარული პოლიტიკა იმაზე ნელი ტემპით შემსუბუქდება, ვიდრე ამას ინვესტორები მოელოდნენ.
ცენტრალური ბანკის სტრატეგიის ცვლილება ინფლაციის მაღალი დონით არის განპირობებული, რომელიც ისევ 33%-ის ფარგლებშია. სამიზნე მაჩვენებელი კი 24% იყო.
ცენტრალური ბანკი მაისში წერდა, რომ წლიური სამიზნე 24% იქნებოდა, 2026 წელს 12%-მდე შემცირდებოდა, ხოლო 2027 წელს 8%-მდე.




























