მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქული მარწყვის შემოტანამ ქართული - გააიაფა“ – „მარწყვილენდი“

645cdd61d74d6
სალომე ხიდურელი
13.05.23 20:00
3710
„წელს მარწყვის ჩაბარების სეზონი ძალიან დაბალი ფასებით დაიწყო“ - ამის შესახებ BM.GE-ს ლაგოდეხის რაიონში მდებარე მეურნეობა „მარწყვილენდის“ დამფუძნებელმა ზოია წიწილაშვილმა განუცხადა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი ქართულ ბაზარზე იმპორტული პროდუქტის გაზრდილი რაოდენობაა.

„წელს თურქეთიდან მარწყვის შემოდინება დიდხანს გაგრძელდა და ადგილობრივი წარმოების ფასებზე ამან იმოქმედა, თავიდანვე დასწია ფასები. ახლა კახური მარწყვის ღირებულება შედარებით სტაბილურია და 1 კგ 4 ლარი ღირს.

დისტრიბუტორებისთვის მარწყვის ჩაბარება 5-6 ლარიდან დავიწყეთ, თუმცა ეს ფასი დიდხანს ვერ შევინარჩუნეთ. ფასების დაგდებაში დიდი წვლილი სწორედ დისტრიბუტორებს მიუძღვით, სოფელში ფერმერს არ აქვს იმის საშუალება, რომ თავისი პროდუქტი თბილისში თავისი ხარჯებით ჩამოიტანოს, ამიტომ გვიწევს მათთან თანამშრომლობა“, - აღნიშნავს ზოია წიწილაშვილი.

როგორც „მარწყვილენდის“ დამფუძნებელი განმარტავს, ადგილობრივ ბაზარზე ქართულ პროდუქტზე იმდენად მაღალი მოთხოვნაა, რომ ფერმერებს მისი დაკმაყოფილება არ შეუძლიათ.

„ბაზარზე ქართულ მარწყვზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია, მწარმოებლებს რომც გვინდოდეთ, ალბათ ვერც დავაკმაყოფილებთ მას. ჭარბი რაოდენობა მხოლოდ მაისშია, როცა სეზონურად შემოდის, მერე კი რაოდენობა ისე იკლებს, რომ თუ გავითვალისწინებთ, რომ საკონდიტროებისა და რესტორნებისგან მოთხოვნადი პროდუქტია, ადგილობრივი მარწყვი საკმარისი არ არის. გარდა ამისა, არ გვაქვს განვითარებული სასათბურე მეურნეობა, რის გამოც ზამთარში ბაზარს მხოლოდ თურქული მარწყვი იკავებს“, - ამბობს ფერმერი.

ზოია წიწილაშვილი BM.GE-სთან ბაღის გასული წლის შედეგებიც შეაჯამა და აღნიშნა, რომ მარწყვის ხარისხთან დაკავშირებით, წელს გაცილებით უკეთესი პროგნოზია.

„შარშან მეორე წელი იყო ბაღისთვის და მაქსიმალური შედეგი დავდეთ. ველოდებოდით, რომ 14 000 ძირიდან 8 ტონა მოსავალს ავიღებდით, და სულ ცოტა დაგვაკლდა ამ შედეგამდე, 7.5 ტონა ავიღეთ. ძალიან კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის, ამიტომ წლევანდელ სეზონს უფრო მომზადებულები შევხვდით. წელს 20 000 ძირიდან უფრო უკეთესი ხარისხის მოსავალს ავიღებთ, სექტემბრიდან კი, დაახლოებით, 30 000 ძირი მარწყვი გვექნება“, - ამბობს „მარწყვილენდის“ დამფუძნებელი.

მეურნეობის მართვის სირთულეებზე საუბრისას, ფერმერი აღნიშნავს, რომ სექტორისთვის მთავარი პრობლემა ცვალებადი ამინდებია, რაც მოსავლის ხარისხზეც ახდენს გავლენას.

„მარწყვის ხარისხს წვიმა და სეტყვა აფუჭებს და ღია სათბურებს სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები სჭირდებათ. მე რამდენადაც ვიცი, არსებობს გარკვეული პროექტები, რომლებიც აფინანსებენ ბაღებისთვის ამ დანადგარებს, თუმცა ეს არ არის კონკრეტულად მარწყვის ბაღებისთვის და არის მრავალწლიანი ხეხლისთვის, ამიტომ მოლოდინის რეჟიმში ვართ, რომ ჩვენც შევძლოთ სეტყვის საწინააღმდეგო დანადგარებისთვის დაფინანსების მოპოვება. სხვანაირად სეტყვისგან, წვიმისგან მოსავალი ფუჭდება“, - ამბობს ზოია წიწილაშვილი.

მარწყვის ბაღი ფერმერმა სოფელ ლელიანში სამი წლის წინ 10 000 ლარიანი ინვესტიციით გააშენა. სამომავლოდ „მარწყვილენდი“ სტუმრებს სხვადასხვა სერვისსა და მარწყვისაგან დამზადებულ პროდუქტებს, მათ შორის მარწყვის არაყს, შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები