დღეს გამართულ სხდომაზე საქართველოს მთავრობამ განიხილა და მოიწონა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც თუშეთის დაცული ლანდშაფტის 2245 ჰექტარით გაფართოებას ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შედეგად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფართობი 34 280 ჰექტარი იქნება. არეალში მოექცევა სოფელი ტბათანა.
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფარგლებში მოექცევა სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია, რაც მეტად მნიშვნელოვანია რადგან სოფელი ტბათანა და მისი მიმდებარე ტერიტორია თავისი მდებარეობით ერთგვარ მაკავშირებელ დერეფანს ქმნის ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალს, ილტოს აღკვეთილსა და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს შორის, რაც მთლიანად ამ ვრცელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ეკოლოგიური პროცესების უწყვეტობას.
მთავრობა წერს, რომ სოფელ ტბათანისთვის და მის მიმდებარე ტერიტორიისთვის დაცული ლანდშაფტის სტატუსის მინიჭების საკითხი „თუშების სათემო საბჭოს“ წინადადებას ეფუძნება და შეთანხმებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმმართველობასთან.
"გაფართოებულ არეალზეც გავრცელდება დაცული ლანდშაფტის მართვასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ხელს შეუწყობს ორი საუკუნის განმავლობაში აქ არსებული დასახლების ისტორიული იერსახის აღდგენას, ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის წახალისებას და ეკოტურიზმის პოტენციალის გაუმჯობესებას. აღნიშნულ ტერიტორიაზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შედეგად, გაიზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე", - წერია ინფორმაციაში.
2023 წელს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე დაფიქსირდა 1 070 000 ვიზიტორი, რაც 2022 წლის
მონაცემებთან შედარებით 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.