თუშეთში უხვი ნალექისა და თოვლის ინტენსიური დნობის შედეგად მდინარეების დონემ კრიტიკულ ნიშნულს მიაღწია, რის გამოც სოფელ შენაქოს საავტომობილო ხიდთან მისასვლელი გზა ჩამოიშალა. ინფორმაცია ამის შესახებ თუშეთის დაცული ლანდშაფტის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.
განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წყლის ძლიერმა ნაკადმა ხიდის მისასვლელ მონაკვეთზე საყრდენი სრულად გამორეცხა, რამაც გზის საფუძვლის მთლიანად ჩამოშლა გამოიწვია. დაზიანებული ხიდი სოფელ შენაქოსა და დიკლოს ომალოსთან, ასევე ბარის მიმართულებასთან აკავშირებს. შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობის გადაადგილება მნიშვნელოვნად შეიზღუდა.
თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია შენაქოსა და დიკლოში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, დარჩნენ სახლებში ან საოჯახო სასტუმროებში და თავი შეიკავონ დაზიანებული ხიდის მიმართულებით გადაადგილებისგან.
მათი ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით მკაცრად აკრძალულია დაზიანებულ მონაკვეთთან ტრანსპორტით მიახლოება, რადგან გრუნტის ჩამოშლის პროცესი კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. ლოგისტიკური, სამედიცინო ან სხვა გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებმა უნდა მიმართონ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს (112) ან თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაციას.
როგორც ადმინისტრაციაში აცხადებენ, შექმნილი ვითარების შესახებ უკვე ინფორმირებულია ყველა პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კოორდინირებული მუშაობა პრევენციული ღონისძიებების გატარებისა და მდგომარეობის სტაბილიზაციის მიზნით.
ომალო-შენაქო-დიკლოს საავტომობილო გზაზე მოძრაობის აღდგენისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ეტაპობრივად გავრცელდება.




























